33 წლის აფრიკული ჯიშის პინგვინი ლამბერტი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მისი მხედველობა უარესდება. გადაადგილება ისე სწრაფად აღარ შეუძლია და ახალგაზრდა პინგვინებთან ერთად ცხოვრებისას იჩაგრება.
ლამბერტი გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინია, რომელსაც საცხოვრებლად განსაკუთრებული პირობები ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, ახალი ინგლისის აკვარიუმში მისმა მომვლელებმა სხვა პინგვინებისგან იზოლირებული სივრცე შექმნეს, სადაც მას და კიდევ ექვს ხანდაზმულ პინგვინს უსაფრთხოდ შეუძლიათ ცხოვრება. რასაც სხვანაირად შეიძლება ხანდაზმულ პინგვინთა პანსიონატიც კი ეწოდოს.
„ჩემ უკან თქვენ ხედავთ პინგვინთა კუნძულს, სადაც ჩვენი 7 ყველაზე ხანდაზმული პინგვინი ცხოვრობს. საერთო ჯამში, ჩვენს კოლონიაში 50 პინგვინი გვყავს. მათგან ნახევარზე მეტი ასაკით 15 წელსაც კი გადაცდა. ზოგიერთი მათგანი კი 40 წელსაც უახლოვდება.

ამ ცხოველების უმეტესობა გარემო პირობებისგან არის გადარჩენილი, რეაბილიტირებულია ან აქ გენეტიკური და კონსერვაციული მიზეზების გამოა. ასე რომ, ეს არის გენეტიკურად ღირებული ინდივიდების მართლაც მნიშვნელოვანი პოპულაცია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დავეხმაროთ.“**-**ამბობს მია ლუზეტი, პინგვინების მომვლელი.
ამ კლდოვან კუნძულს უფრო ბრტყელი რელიეფი აქვს, ვიდრე მთავარს. ხალიჩით დაფარული ბილიკი პირდაპირ წყალთან მიდის, რაც გადაადგილების პრობლემების მქონე პინგვინებს მოძრაობაში ძალიან ეხმარება. მომვლელებმა აკვარიუმში ასევე დაამონტაჟეს სადგამი, რომელიც ფრინველების წყლიდან ამოხტომას აადვილებს.
აკვარიუმის ზოგიერთი აფრიკული პინგვინი 30 წელს გადაცილებულია, ხოლო მათ შორის ერთმა 40 წლამდეც კი იცოცხლა. ეს რიცხვი იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ისინი სამხრეთ აფრიკისა და ნამიბიის ველურ ბუნებაში იცხოვრებდნენ, სადაც ჭარბი თევზჭერის გამო დაბინძურება და საკვების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფ სახეობას.
აფრიკული ჯიშის პინგვინები, თავიანთი დამახასიათებელი შავ-თეთრი ბუმბულით, დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიმაღლისაა.

ვეტერინარები პინგვინებს ისეთ მკურნალობას სთავაზობენ, რომელიც შეიძლება ხანდაზმული ადამიანებისთვისაც კი იყოს ნაცნობი – დანამატები და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ართრიტისა და სახსრების ტკივილისთვის ასევე თვალის წვეთები გლაუკომისთვის, რომელსაც ლამბერტი ყოველდღიურად იღებს.
„აფრიკული პინგვინები ნამდვილად აგრესიული სახეობაა და ამიტომ ჩვენ რეალურად უნდა გვეფიქრა სოციალურ დინამიკაზე, სწორედ ამიტომ ავუშენეთ ხანში შესულ პინგვინებს ცალკე აკვარიუმი და დავაშორეთ ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე პინგვინებს.“-ამბობს მია ლუზეტი, პინგვინების მომვლელი.
საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ ხანდაზმულ პინგვინთა გაზრდილი აქტივობის დონე მიუთითებს, რომ საცხოვრებელი პირობები რეალურ ცვლილებას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხში.

