კრემლის მტკიცებით, რუს სამხედროებს უპირატესობა აქვთ დასახლება პოკროვსკში. თუმცა თავად რუსი სამხედრო ბლოგერები აღნიშნავენ, რომ ვითარება დინამიკურია და რუსეთის არმიას თითოეული იერიშის შედეგად დიდი დანაკარგი აქვს.
ფინური ანალიტიკური სამხედრო პორტალის blackk bird group-ის მიერ მომზადებული რუკის მიხედვით, იერიშები განსაკუთრებით 29 ოქტომბერს გახშირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მირნოჰრადი იყო. მომდევნო დღეს გაიზარდა სამხედრო იერიშების ტემპი პოკროვსკის მიმართულებით. ამის შემდეგ უკრაინამ კონტრიერიში წამოიწყო პოკროვსკის ჩრდილოეთით და ალყის შემორტყმის საფრთხე აიცილა თავიდან. თუმცა მომდევნო დღეებში რუსეთმა ინტენსიური იერიში მიიტანა თავად ქალაქ პოკროვსკის სიღრმეზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთ დღეში მხოლოდ პოკროვსკის მიმართულებაზე რუსეთმა სხვადასხვა ინტენსივობის 68 იერიში მიიტანა.
„მთელი ჩვენი ყურადღება პოკროვსკის მიმართულებითაა. ვანადგურებთ ოკუპანტებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 79-ე ცალკეული სადესანტო შემტევი ბრიგადის საქმიანობა. ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების ჩართულობა პოკროვსკის დასაცავად გამართულ ბრძოლაში. არ უნდა დაგვავიწყდეს მართლწესრიგის სამსახურის სპეციალური საბრძოლო დანაყოფი, ეროვნული პოლიცია, დაზვერვის სამსახური და ისინი, ვინც ჩართული იყო აქტიურ ქმედებებში როგორც პოკროვსკში, ისე კუპიანსკის მიმართულებებზე. მადლობა მებრძოლებო“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინამ პოკროვსკის ფლანგი მეტი სამხედრო რესურსით გააძლიერა. რუსეთის საოკუპაციო არმია უკვე წელიწადზე მეტია, რაც ამ დასახლების აღებას ცდილობს, რადგან, როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, პოკროვსკის აღებით რუსულ არმიას წინსვლისთვის კარგი პლაცდარმი ექნება. ბრძოლა ახლა ქალაქის ქუჩებს მოედო. რუსული დივერსიული ჯგუფები უწყვეტ ნაკადად შედიან სხვადასხვა ფლანგზე. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, ამის გამო რუსეთის არმიას დიდი დანაკარგი აქვს. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშში, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ კრემლი პირველადი იერიშებისთვის ნაკლებად მომზადებულ დანაყოფებს აგზავნის, უშუალოდ ბრძოლაში კი ერთვებიან შედარებით კარგად მომზადებული ქვედანაყოფები, რომლებიც ახლო მანძილზე ბრძოლით ცდილობენ პოზიციების დაკავებას.
NEW: Russian forces continue to intensify offensive operations in and around Pokrovsk to seize the town and collapse the Ukrainian pocket. Both Ukrainian and Russian forces recently made tactical advances in the Pokrovsk area.
Other Key Takeaways:
Russian forces have likely… pic.twitter.com/AoDdI50jOe
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) November 3, 2025
„პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 68 იერიში მოიგერიეს დასახლებებთან: ნიკანორივკა, მაიაკი, მირნოჰრადი, როდინსკე, კოტლინე, უდაჩნე, ჩერვონი ლიმანი და ასე შემდეგ. ოლექსანდრივკის მიმართულებით მოვიგერიეთ 29 რუსული იერიში. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა სარაკეტო და საავიაციო იერიშიც მიიტანეს. გამოიყენეს 134 მართვადი ავიაბომბი, ასევე საარტილერიო საშუალებებით განახორციელეს 4913 იერიში. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, სარაკეტო და საარტილერიო საშუალებებმაც გაუხსნეს ცეცხლი რუს ოკუპანტებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 1160 ჯარისკაცი დაკარგა. განადგურებულია 5 რუსული ტანკი, 6 ჯავშანმანქანა და 45 საარტილერიო სისტემა“, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრიი კოვალოვმა.
რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ მათ ალყაში მოაქციეს უკრაინული დანაყოფები, თუმცა ამ ინფორმაციას უკრაინული მხარე კატეგორიულად უარყოფს.
დონეცკის ოლქში დასახლება პოკროვსკს ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია ჰქონდა. შესაბამისად, რუსეთმა მთელი ძალისხმევა ამ მცირე ქალაქის დასაპყრობად მიმართა. მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, კრემლის არმიას დასახლების სრულად დაკავება კვლავ უძნელდება. საინტერესოა, რომ ფრონტის მთელ ხაზზე ერთად აღებული იერიშების თითქმის ნახევარი სწორედ პოკროვსკზე მოდის.

