მთავარიაზიაღაზადაახლოებით 30 ოჯახი იძულებულია, ხან-იუნისში სასაფლაოს ტერიტორიაზე დაბანაკდეს

დაახლოებით 30 ოჯახი იძულებულია, ხან-იუნისში სასაფლაოს ტერიტორიაზე დაბანაკდეს

დაახლოებით 30 ოჯახი ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილიდან იძულებულია, ხან-იუნისში დაბანაკდეს კარვებში, რომლებიც  სასაფლაოს ტერიტორიაზეა მოწყობილი.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები  უმძიმესი საცხოვრებელი პირობების შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, იქ მცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა საკვებზე, სასმელ წყალსა და სხვა აუცილებელ მარაგზე. სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისიდან იძულებით გადაადგილებული მაისა ბრიკაჰი ამბობს, რომ ზავის შედეგად  მისი ცხოვრება საერთოდ არ შეცვლილა. მას კვლავ შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება.

„როდესაც მზე ჩადის, ბავშვები შიშით  გარეთ ვეღარ გადიან. აქ სასაფლაოა, ღამით მხოლოდ ძაღლების ყმუილი ისმის.  ცხოვრება ძალიან რთულია. ცეცხლი შეწყდა, თუმცა ჩვენ მაინც ვერ დავბრუნდით შინ, რადგან ჩვენი სახლი წითელ ზონაშია. ცეცხლის შეწყვეტამდეც და ახლაც უმძიმეს პირობებში გვიწევს ყოფნა. ვერ დავბრუნდი ჩემს სახლში.  სასაფლაოზე ვცხოვრობ. ეს არის ჩემი ყოფა.  მძინავს, ვჭამ და ვცხოვრობ სასაფლაოზე ჩემს შვილებთან ერთად. გვეშინია, ჩვენ გვერდით მიცვალებულები არიან.  ვერც მივდივართ და ვერც სახლში ვბრუნდებით. ჩვენი სახლი მთალიანად განადგურდა”, – ამბობს დევნილი ხან-უინისიდან მაისა ბრიკაჰი.

ადილობრივები მხოლოდ დახმარების იმედად არიან. ვეღარ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში, რადგან ისინი ან დანგრეულია, ან ისრაელის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზეა.

მართალია, პალესტინის ტერიტორიაზე დახმარება შევიდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი 2 მილიონზე მეტი მცხოვრებლისთვის, რომლებსაც საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები სჭირდებათ.

მოჰამედ შმაჰიც, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეიტ ლაჰიადან იძულებით გადაადგილებული პირი, სასაფლაოს ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი სახლიც, სხვების მსგავსად, დანგრეულია.

„ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.  სარგებელი ვერ მივიღე. ჩემი სახლი დაინგრა და ვეღარ ვბრუნდები იქ,  ვერც აქედან მივდივარ.. იძულებული ვარ სასაფლაოს გვერდით ვიცხოვრო. სამი თვეა, რაც აქ ვართ. ამ დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი დავკრძალეთ.  აქ უფრო მეტად იცოხება ხალხი,  ვიდრე ჩრდილოეთში. ჩრდილოეთში რომ მოვმკვდარიყავი, უკეთესი იქნებოდა, ვიდრე მკვდრებს შორის, აქ, სასაფლაზე, ცხოვრება“,  – განაცხადა ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა, მოჰამედ შმაჰიმ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გასულ თვეს შევიდა ძალაში. ეს ორწლიანი დამანგრეველი ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული  თავდასხმის საპასუხოდ დაწყებულმა ისრაელის შეტევამ ღაზაში ათიათასობით პალესტინელი იმსხვერპლა და უზარმაზარი მასშტაბის ნგრევა და შიმშილი გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend