ბრაზილიის ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე სამი წელია მოქმედებს ინოვაციური თერაპიული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტების მკურნალობაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ეხმარებიან. ამ ინიციატივის მიზანია სტრესის შემცირება, ადამიანების ემოციური მხარდაჭერა და მკურნალობის პროცესში პაციენტების ჩართულობის გაძლიერება.
ვინაიდან პროგრამა ფსიქიატრიულ განყოფილებაში ტარდება, სესიები მიმდინარეობს ჯგუფურად, მრავალპროფილიანი გუნდისა და ძაღლების მწრთვნელების ზედამხედველობით.
„მე მყავდა ძაღლი, რომელსაც ჩიკო ერქვა. მან ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ძალიან დამეხმარა. როდესაც აქ ამ ცხოველებს ვხედავ, ეს მოგონებები ცოცხლდება. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. მიხარია, რომ ისევ მომეცა შესაძლებლობა, მქონოდა კონტაქტი ცხოველთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობენ ცხოველები, რომლებიც გამოჯანმრთლებაში გვეხმარებიან“, – ამბობს 25 წლის პაციენტი.
განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, თერაპია, რომელშიც ძაღლებიც მონაწილეობენ, ამცირებს შფოთვას, ეხმარება პაციენტებს ემოციების გამოხატვასა და ზრდის მოტივაციას. პერსონალის დაკვირვებით, პროგრამის დაწყების შემდეგ პაციენტებს გაუუმჯობესდათ განწყობა, შეუმცირდათ დეპრესიული და შფოთვითი სიმპტომები. მედიკოსების განმარტებით, ისინი უფრო მეტად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობაში.
„ცხოველების და ადამიანების ურთიერთობა მრავალ დადებით ეფექტს გვაძლევს. მე თავად ვნახე ეს შედეგი ერთ პაციენტთან, რომელიც ჩვენი შემოსვლის დროს საერთოდ არ ლაპარაკობდა. რამდენიმე თერაპიის შემდეგ, მათ შორის მაილოსთან კონტაქტით, პაციენტმა თავი კომფორტულად იგრძნო, დაიწყო საკუთარი გამოცდილებების გაზიარება და ბოლოს სიმღერაც კი შეძლო”, – ამბობს საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ელისა ლოპესი.
გუნდთან ერთად მუშაობენ ძაღლები, რომელთა სახელებიცაა სისა, ჩიკო, მაგალი, მაილო და საფირა. თითოეული მათგანი სპეციალურად არის გაწვრთნილი, რათა საავადმყოფოს გარემოში კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.
