მძიმე ღამე იყო ღაზის სექტორში. ისრაელის დარტყმას ასზე მეტი პირი ემსხვერპლა, მათ შორის 46 ბავშვი.
ამის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
29 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმა ეჭვქვეშ აყენებს ზავს, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაახლოებით 3 კვირის წინ გაფორმდა.
„ნუთუ ეს მშვიდობაა? რა მშვიდობაა ეს? ომი რომ იყოს, ვიტყოდით: კარგი, ომია. ხომ გვითხრეს, რომ მშვიდობა დამყარდა, რომ ჩვენ უსაფრთხოდ, მშვიდად დავიძინებდით. აი, ბავშვების ცხედრებს ვაგროვებთ. საჰაერო დარტყმებისა და დამწვარი ადამიანების ყვირილი გვაღვიძებს. რა დავაშავეთ? რატომ ბომბავენ მძინარე ხალხს?“- ამბობს ამნა ქრინავი, იძულებით გადაადგილებული პირი.
მშვიდობა, რომელზეც ამნა საუბრობს, დიდხანს არ გაგრძელებულა. სამშაბათს, 28 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა, რომ „ძლიერი იერიშები“ მიეტანათ ღაზის სექტორზე.
ისრაელმა „ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. იქამდე კი გავრცელდა ცნობები, რომ „ჰამასის” მებრძოლებმა ისრაელელ სამხედროებს სამხრეთ ღაზაში ცეცხლი გაუხსნეს.
ისრაელის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ „ჰამასი” არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც მათ ცხედრების ისრაელისთვის გადაცემას ავალდებულებს.
„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ „ჰამასი” არღვევს შეთანხმებას. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ „ჰამასი” ცეცხლს უხსნის ჩვენს სამხედროებს და ეს პირველად არ ხდება. ასე რომ, დიახ, პასუხი ძალიან ნათელია. „ჰამასი” პასუხისმგებელია შეთანხმების დარღვევაზე. რაც შეეხება საპასუხო რეაგირებას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვუპასუხებთ ნებისმიერ დარღვევას. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ მათ, ვინც ამ შეთანხმებას დაარღვევს. ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ. და დღეს დილიდან ისრაელმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას“, – განაცხადა ორენ მარმორშტეინმა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
სანამ „ჰამასი” და ისრაელი ბრალეულობაზე დავობენ, ღაზის სექტორში გარდაცვლილებს გლოვობენ და შიშობენ, რომ ომი, რომლის დასრულებაც სულ ახლახან იზეიმეს, შეიძლება რეგიონში ისევ დაბრუნდეს.

