მთავარიევროპაუკრაინანიდერლანდები რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ტრიბუნალს შექმნის

ნიდერლანდები რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ტრიბუნალს შექმნის

უკრაინის პრეზიდენტის ცნობთ, ნიდერლანდები რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებების წინააღმდეგ ტრიბუნალს შექმნის – ეს განცხადება პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ, 28 ოქტომბერს გააკეთა, მას შემდეგ, რაც მან კიევში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს, დავიდ ვან ვილს უმასპინძლა.

„პატარა სპოილერი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრისგან – მან მითხრა, რომ ნიდერლანდები გახდება ის ქვეყანა, რომელიც დააინიცირებს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებების წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას. ოფიციალური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამისთვის მადლიერი ვართ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ 22 ოქტომბერს გამოცხადებული სანქციის შესახებაც, რომელიც რუსეთის ორი უდიდესი ნავთობკომპანიის: „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგაა მიმართული.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სანქციებს უკვე აქვს კონკრეტული შედეგები, კერძოდ, მისი თქმით, ინდოეთმა დაიწყო რუსული ენერგორესურსების იმპორტის შემცირება და იმედოვნებს, რომ მას მიბაძავს ჩინეთიც.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ დონალდ ტრამპი სი ძინპინს რუსული ენერგორესურსების შესყიდვასა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაში დაარწმუნებს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მალე დასრულდება.

„მხარს ვუჭერთ შეერთებული შტატების მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ენერგორესურსების მიწოდება შეზღუდოს, რადგან რუსეთის შემოსავლის წყარო ესაა. ომი რომ არ ყოფილიყო, ეს მხოლოდ რუსეთის საქმე იქნებოდა, თუმცა ახლა ეს უკრაინას, ევროპის უსაფრთხოებასა და მთელ მსოფლიოს ეხება. იმიტომ, რომ რუსეთი ბუნებრივი აირითა და ნავთობით ნაშოვნ ფულს ომზე ხარჯავს. პრეზიდენტი ტრამპის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ვხედავთ, რომ ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესაზღუდად. 2028 წლამდე ევროპას გადაწყვეტილი აქვს რუსული ენერგორესურსების იმპორტის ნულამდე დაყვანა. ჩვენ გვსურს, რომ ეს კიდევ უფრო მალე მოხდეს, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ პროცესი გარდაუვალია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს სამხრეთ კორეაში 30 ოქტომბერს შეხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend