აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის სამხედრო საკითხებში თანამშრომლობას რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. იაპონიაში ამ დროისთვის დაახლოებით 55 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. ასევე ამ ქვეყანაში წარგზავნილი არიან ამერიკული ავიამზიდის შემტევი დაჯგუფებისა და მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-35-ის ეკიპაჟის წევრები.
როდესაც დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, მათ აღნიშნეს, რომ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში ახალი „ოქროს ხანა“ იწყებოდა. ცოტა ხნის შემდეგ აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც შეხვდა თავის იაპონელ კოლეგას, რის შემდეგაც განაცხადა, რომ აშშ-იაპონიის სამხედრო თანამშრომლობაც აუცილებლად გაძლიერდება.
„ჩვენი ალიანსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩინეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, რეგიონულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. შეერთებულმა შტატებმა იაპონიას არანაირი მოთხოვნა არ წაუყენა. განვიხილეთ ჩვენს ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის თემები, რომელთა გადადებაც არ შეიძლება და წინ წამოვწიეთ სწრაფი მოქმედების აუცილებლობა. საჭიროა, რომ ინვესტიცია ჩაიდოს როგორც ჩვენს საკუთარ სამხედრო ძალებში, ისე ერთობლივ შესაძლებლობებში. ერთად ვივარჯიშოთ, ერთად ჩავატაროთ წვრთნები, ერთად ვიმუშაოთ. ასე რომ, ჩვენ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მიერ იაპონიის სამხედრო ძალებში ჩადებული ინვესტიციისა და დაჩქარებული ტემპის გამო“, – ამბობს აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი.
იაპონიის თავდაცვის შესაძლებლობები დონალდ ტრამპმაც დადებითად შეაფასა. როგორც ცნობილია, ტოკიო აპირებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-ამდე გაზრდას მიმდინარე წელსვე. არადა, ამ მიზნის მიღწევას 2027 წლისთვის გეგმავდა იაპონია. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში იაპონიას F-35 გამანადგურებლებისთვის უნდა მიეწოდოს ამერიკული რაკეტები, რომლებსაც ის დიდი ხანი ელოდა. ამერიკისა და იაპონიის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას გამოეხმაურა ჩინეთიც.
დონალდ ტრამპის ტოკიოში ვიზიტის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა: „აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, მშვიდობისა და განვითარების თვალსაზრისით, პერსპექტიული არეალია. აშშ-სა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის განვითარებამ რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი და არა პირიქით“.
აშშ-იაპონიის ლიდერებმა შეხვედრის დროს ჩინეთი არაერთხელ ახსენეს. ომის დეპარტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სწორედ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში აღნიშნა, რომ იაპონიასთან უსაფრთხოების შესანარჩუნებლად პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მოსალოდნელია, რომ ერთობლივი სამხედრო სწავლებები, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით ტარდებოდა, კიდევ უფრო გაფართოვდება. მთავარი პარტნიორი უწყება იაპონიის არმიისთვის აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობაა. ამ ორ ქვეყანას ინტენსიური ურთიერთობა აქვს სამხედრო შესყიდვების თვალსაზრისითაც. აშშ-ს საგარეო სამხედრო გაყიდვების სისტემის ფარგლებში 20 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქციები აქვს. იაპონია ამერიკიდან იღებს ისეთ შეიარაღებას, როგორებიცაა F-35 გამანადგურებლები, Global Hawk-ის უპილოტო საჰაერო სისტემები, ჯავშანმანქანები, AMRAAM-ის, UGM-84 Harpoon-ისა და სხვა ტიპის სარაკეტო საშუალებები.
ახლა კი აშშ-იაპონიას შორის ურთიერთობების ახალი „ოქროს ხანა“ სამხედრო პარტნიორობაზეც უნდა აისახოს და ამ თანამშრომლობის ინტენსივობა გაიზარდოს.

