თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 10.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, თურქეთი დიდი ბრიტანეთისგან 20 ერთეულ Eurofight Typhoon-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს.
თურქეთის საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ შეთანხმებას ხელი ანკარაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის, თურქეთში პირველი ვიზიტის დროს მოეწერა.
„დიდი ბრიტანეთი თურქეთს 20 ახალ Eurofight Typhoon-ის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის, მომავალში კიდევ უფრო მეტის მიწოდების პერსპექტივით. ეს გააძლიერებს უსაფრთხოებას NATO-ში, გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ თავდაცვის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას როგორც აქ, ასევე გაერთიანებულ სამეფოში. შესაძლოა, ჩვენი ქვეყნები ტერიტორიულად ევროპის სხვადასხვა მხარესაა, მაგრამ ჩვენ ძლიერი პარტნიორები ვართ, ამიერიდან კი უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ჩვენ ერთიანი ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ირგვლივ, როგორც NATO-ს მოკავშირეები. ასევე, ერთიანი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში და ერთიანი ვართ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ანკარაში.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს შეთანხმება შეაფასა, როგორც ორ ახლო მოკავშირეს, შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპი.
„ცოტა ხნის წინ, ბატონ სტარმერთან ერთად, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის დეკლარაციას. ამ მემორანდუმს ჩვენი, როგორც ახლო მოკავშირეების, სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების ახალ სიმბოლოდ მივიჩნევ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სპარსეთის ყურის სამი ქვეყანა მოინახულა და კატარისა და ომანისგან მეორადი Typhoon-ების პოტენციურ შეძენაზეც გამართა მოლაპარაკებები.
