პარიზის პროკურატურის განცხადებით, ლუვრის მუზეუმიდან სამეფო ძვირფასეულობის მოპარვის გამო, დაკავებულია რამდენიმე პირი.
პროკურორის ცნობით, დაკავებების სერია 25 ოქტომბერს, საღამოს დაიწყო. ერთ-ერთი დაკაებული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებულია ორი პირი, თუმცა პროკურორი ლორ ბეკოა მათ რადენობს არ აკონკრეტებს. მისი თქმით, დამატებითი ინფორმაცია ყველა ბრალდებულის დაკავების შემდეგ გახდება ცნობილი.
88 მილიონ ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მუზეუმიდან გასულ კვირას მოიპარეს. მძარცველებს ამისთვის მხოლოდ 8 წუთი დასჭირდათ. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი მუზეუმის ფასადზე ამწით ავიდნენ, ფანჯარა გააღეს, ვიტრინები ჩაამსხვრიეს და მალევე მიიმალნენ.
ლუვრის მუზეუმის დირექტორის შეფასებით, ეს მათი უსაფრთხოების სამსახურისთვის საშინელი მარცხი იყო. ლუვრის უსაფრთხოების თანამშრომელი, ფრედერიკ სერიე, რომელმაც სადედოფლო გვირგვინი ეზოში იპოვა, ამბობს, რომ ქურდებს გვირგვინი გაქცევისას დაუვარდათ.
სერიე მუზეუმში უსაფრთხოების სამსახურში უკვე მრავალი წელია მუშაობს. სწორედ მისი ცვლა იყო, როცა ლუვრის გალერეა ,,აპოლოში“ განგაშის სიგნალი ჩაირთო.
„დილით 9:30-ზე, მორიგეობისას, რაციით მივიღე სასწრაფო შეტყობინება. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა გალერეაში. გარე ტერიტორიის შემოწმება მოგვთხოვეს. მე და ჩემი გუნდი მაშინვე გავიქეცით. ავიღე ფანარი და ტელეფონი. როცა ადგილზე მივედი, მძარცველები უკვე დამალულები იყვნენ. იქვე იყო პოლიციის ავტომობილი. ჩემი ორი კოლეგა და კერძო დაცვის ჯგუფის წევრებიც უკვე იქ იყვნენ. ამწე ჯერ კიდევ იდგა, მათ ყველა ხელსაწყო ადგილზე დატოვეს. მიწაზე პატარა რაღაც დავინახე, ისე უცნაურად ეგდო, მეგონა, დეკორის ნაწილი იყო. მერე მივხვდი, რომ ეს საიმპერატორო გვირგვინი იყო“, – იხსენებს ლუვრის უსაფრთხოების თანამშრომელი, ფრედერიკ სერიე.
სერიეს მიერ ნაპოვნი გვირგვინი დაზიანებულია. ექსპერტები უკვე უტარებენ მას რესტავრაციას ლუვრის დეკორატიული ხელოვნების დეპარტამენტში.
გამოძიებაში ჩართულია ასამდე გამომძიებელი და სპეციალური დანაყოფი, რომლებიც ამბობენ, რომ დამნაშავეების კვალზე უკვე გავიდნენ.

