უკრაინა საჰაერო თავდაცვითი სისტემების მისაღებად განაგრძობს მუშაობას ამერიკელ და ევროპელ ლიდერებთან. ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევი უახლოეს პერიოდში ელოდება „პეტრიოტის” ტიპის სისტემებს ტალინისგან. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ნატოს ხარჯებით უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების საქმეში ერთვება ფინეთი და ესპანეთიც, რომლებიც ომში მყოფი ქვეყნისთვის განიხილავენ „პეტრიოტების” მიწოდებას.
ზელენსკის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, უკრაინისთვის დამატებითი მირაჟის ტიპის ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე, ასევე კიევში გაიგზავნება ბრიტანული რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებელი დრონები. ჯერ ისევ ღიად რჩება საკითხი უკრაინისთვის „ტომაჰავკების” გადაცემის შესახებ – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდაპირველად გააჩინა განცდა, რომ კიევისთვის ამერიკული „ტომაჰავკების” გადაცემა შესაძლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით პოზიციები შეიცვალა.
„იმისათვის რომ ზამთარში ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დავიცვათ, გვჭირდება დამატებითი თავდაცვითი სისტემები. რა თქმა უნდა, ეს იყო განხილვის მთავარი თემა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, ისევე როგორც სხვა ევროპელ ლიდერებთან. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების პროგრამა დაგვეხმარება „პეტრიოტის” ტიპის დამატებითი სისტემების შეძენის საქმეში ამერიკისგან, რადგან მას ბალისტიკური რაკეტების ეფექტურად განადგურება შეუძლია. ჩვენი მოთხოვნა ამჟამად მინიმუმ 10 ასეთი სისტემაა, ბუნებრივია სხვა სისტემებთან ერთად. აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა სხვადასხვა ტიპის საჰაერო დაცვის სისტემების მიღება წლის ბოლოსთვის დავაჩქაროთ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ.
Honoured to welcome in Kyiv a true friend of Ukraine, Estonia’s Foreign Minister @Tsahkna.
We spoke about the battlefield situation, Russia’s terror against civilians and energy infrastructure, ways to strengthen Ukraine’s resilience and ramp up pressure on Moscow.
Next year,… pic.twitter.com/9QUI24qgxj
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) October 27, 2025
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დიდ ბრიტანეთთან, ასევე პრეზიდენტ ტრამპთან, რომელმაც რუსულ სანავთობო და ენერგეტიკულ კომპანიებს სანქციები დაუწესა. მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია რუსეთის ომის მანქანას მძიმედ დავარტყათ. ევროკომისიას უკვე ვთხოვეთ, მოამზადოს შემდგომი, მეოცე სასანქციო პაკეტი, რომელიც მალე უნდა განიხილონ. რუსეთი სუსტია, მის ეკონომიკას პრობლემები აქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა სწორად უწოდა მას „ქაღალდის ვეფხვი“, მაგრამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ მასზე ზეწოლის გზები ვიპოვოთ“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ კიევში ვიზიტისას.

