რუსეთის დუმაში საგადასახადო კოდექსში მზადდება ცვლილებები, რომლებსაც პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში საბოლოოდ შევა, 2026 წლიდან დდამატებითი ღირებულების გადასახადის განაკვეთი 20%-დან 22%-მდე გაიზრდება.
ასევე, საგადასახადო სისტემა შეიცვლება კერძო კომპანიებისთვისაც: დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ზღვარი შემცირდება 10 მილიონ რუბლამდე, პროგრამული უზრუნველყოფის უფლებების გაყიდვასთან დაკავშირებული ტრანზაქციებისთვის გაუქმდება ნულოვანი დღგ, IT კომპანიებისთვის სადაზღვევო შენატანების შეღავათიანი განაკვეთი კი 15%-მდე გაიზრდება.
კერძო სექტორის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ მიმდინარე მოვლენებს და განაცხადეს, რომ ეს ცვლილებები ბიზნესის მდგომარეობას დაამძიმებს.
ვასილი ოვჩინიკოვი, ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებს, რომ დღგ-ს განაკვეთის ზრდას ავტომატურად ექნება გავლენა პროდუქციის გაყიდვებზე, ასევე, გაართულებს პროდუქტის ექსპორტს და ბიზნესს დამატებით ადმინისტრაციული ტვირთის შექმნის აუცილებლობას გაუჩენს. მისი თქმით, ზოგიერთი კომპანიისთვის რუსეთში ბიზნესის კეთება უბრალოდ წამგებიანი გახდება.
რუსეთის დუმაში ცვლილებების შეტანას პირველი მოსმენით 319-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 82-მა თავი შეიკავა. გაზრდილი გადასახადებით კრემლი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საჭიროებებს დააფინანსებს.


