22 ოქტომბერს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას: „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად კრემლზე ზეწოლის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის თქმით, დროა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტასა და ადამიანთა მკვლელობების შეჩერებაზე ფიქრი დაიწყონ, ხოლო ვაშინგტონის მოკავშირეები კი შეუერთდნენ ამ სანქციებს.
ევროკავშირს უკვე აქვს დაწესებული სანქციები „როსნეფტზე“, თუმცა არა „ლუკოილზე“, რომელიც კერძო საკუთრებაშია და უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსული ნავთობის მოხმარების გამო ვერ დაასანქცირეს.
დონალდ ტრამპის თქმით, იმედი აქვს, რომ სანქციები დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა სანამ ძალაშია, მათ დიდი გავლენა ექნებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმის გათვალისწინებით, რასაც ვაკეთებთ. უზარმაზარი სანქციები დავაწესეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. სანქციები მიმართულია ორი დიდი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ომი შეწყდება. რაკეტების საკითხს განვიხილავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი არ იქნება. სანქციებს გავლენა ნამდვილად ექნება. ესაა მასშტაბური სანქციები ნავთობზე. მსოფლიოში ორ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიაზე“. – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
პარალელურად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რადგან მისი აზრით, შეხვედრა არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. პრესკონფერენციის დროს მასთან ერთად NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე იმყოფებოდა.
მარკ რუტემ მხარდაჭერა გამოუცხადა დონალდ ტრამპსა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია.
”რუსეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ვიცით, რომ ამჟამად მთელ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია. ვიცით ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვა ევროპელი ლიდერები გააქტიურდნენ ჩრდილოვან ფლოტთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ვხედავთ ამერიკის პრეზიდენტის ზეწოლას ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე, რათა მათ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტონ. ამ ყველაფერს გავლენა აქვს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მდგრადი ზეწოლის შემთხვევაში, შევძლებთ პუტინის დასმას მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს. თქვენ ნახეთ, რა მოხდა ალასკაში, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთისთვის რუსული ნავთობის შესყიდვის გამო მეორეული სანქციების დაწესება გადაწყვიტა. გასულ კვირას მოვისმინეთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გაგზავნაზე ფიქრობს. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია პუტინის გათვლები შევცვალოთ“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ..
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ შეიცვალა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ კრემლს არ შეუცვლია თავისი პოზიცია და კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტაზე.


