მთავარიევროპაუკრაინაახალი უკრაინული საზღვაო დრონი

ახალი უკრაინული საზღვაო დრონი

ახალი უკრაინული უპილოტო სისტემის სახელწოდებაა „ზღვის ბავშვი“.  იგი უკრაინული არმიისთვის სულ ახალი შენაძენია და როგორც შემქმნელები ამბობენ, მისი სამხედრო შესაძლებლობები უკვე სერიოზულად ადარდებს კრემლის შავი ზღვის ფლოტს, რომელმაც უკვე დიდი დარტყმა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან.

ახალ უპილოტო საზღვაო დრონს, როგორც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, შავ ზღვაზე ნებისმიერ ადგილას შეუძლია იერიშის მიტანა. სამხედრო წარმოებაში მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინელ ხალხს შეაქვს United24 ინიციატივის ფარგლებში.

ახალ საზღვაო დრონში ხელოვნური ინტელექტია გენერირებული და მისი მოქმედების მანძილი 1500 კილომეტრამდეა გაზრდილი. შავ ზღვაზე კი ყველაზე დაშორებული წერტილების პირდაპირი მანძილი 1200 კილომეტრს არ აღემატება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ახალ დრონს 2 ტონამდე ტვირთის გადატანაც შეუძლია. იგი ასევე მულტიფუნქციური შესაძლებლობებითაცაა აღჭურვილი, ანუ მასზე სხვადასხვა შეიარაღების დამონტაჟებაა შესაძლებელი.

„ამ ახალ პლატფორმაზე დამონტაჟებულია სარაკეტო სისტემა. რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მოწინააღმდეგის ცეცხლის მოქმედების ზონის მიღმა სივრციდან ვიმოქმედოთ. ასეთი პლატფორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ მძიმე შეიარაღების გადასატანადაც, როგორიცაა, მაგალითად, 10-მუხტიანი გრადის სარაკეტო გამშვები“, – ამბობს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, ბრიგადის გენერალი ივან ლუკაშევიჩი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ომში მნიშვნელოვნად დახვეწეს უპილოტო სისტემები, როგორც საჰაერო დრონები, ასევე სახმელეთო და საზღვაო პლატფორმები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ საზღვაო დრონები გამოიყენეს 11 რუსული ხომალდის წინააღმდეგ, ასეთმა იერიშებმა კი  რუსეთის საზღვაო ძალები აიძულა, სევასტოპოლიდან მთავარი ბაზა ნოვოროსიისკში გადაეტანათ.

„ჩვენ შეგვიძლია, დრონები ვაკონტროლოთ ისევე, როგორც ჩვეულებრივი ხომალდი: ვამოძრაოთ წინ და უკან, ან მარცხნივ და მარჯვნივ მოვუხვიოთ. ეს ასევე არის სროლის ოპერატორის სამუშაო ადგილიც.  ეკიპაჟი კოორდინაციას უწევს თავის ამოცანას, ამიტომ, როდესაც სროლის ოპერატორი იარაღის შემობრუნებას იწყებს, მან უკვე იცის, საით მოუხვევს ნავი. ეკიპაჟის შეთანხმებული მუშაობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ წინ გავუსწროთ მოვლენებს“, – ამბობს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საზღვაო დრონების დანაყოფის მეთაური, დაშიფრული სახელწოდებით „სკაუტი“.

უკრაინის საზღვაო დრონების ფლოტი მნიშვნელოვნად ფართოვდება და ძლიერდება.  ახალი შესაძლებლობებით აღჭურვილი საბრძოლო სისტემები, ექსპერტების შეფასებით, მალე გახდება იმ შეიარაღების პაკეტის ნაწილი, რომელსაც კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მიჰყიდის. როგორც ცნობილია, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ ეროვნული წარმოების შეიარაღება ექსპორტზე უნდა გაიტანოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend