მთავარიმსოფლიოახალი სანქციები რუსეთს

ახალი სანქციები რუსეთს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას დაუწესა სანქციები.

ევროკავშირის ახალი, მე-19 პაკეტი უპირველესად რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას მოიცავს: მოკლევადიანი კონტრაქტები 6 თვეში უნდა დასრულდეს, გრძელვადიანები კი – 2027 წლის პირველი იანვრიდან.

გარდა ამისა, ევროკავშირი დამატებით სანქციებს უწესებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 117 გემს და მესამე ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ენერგორესურსებით ვაჭრობაში ეხმარებიან.

პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირის ფარგლებში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლის გაძლიერებასა და დამატებით ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც უკრაინელი ბავშვების გატაცებაზეა პასუხისმგებელი.

პაკეტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი 22 ოქტომბერს დაუჭირეს. დოკუმენტის მიღების პროცედურა 23 ოქტომბრის დილით დასრულდა. საბოლოოდ კი, წევრი სახელმწიფოების ლიდერები ახალი სანქციების დასამტკიცებლად ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე შეიკრიბნენ.

„სანქციების მეცხრამეტე პაკეტი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ენერგეტიკასა და ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროების შეწყვეტას. ასევე ძალიან გვახარებს ის გზავნილები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად მიანიშნებს ძალაზე, ასევე იმაზე, რომ ჩვენ ერთიანები ვართ. რა თქმა უნდა, განვიხილავთ სარეპარაციო სესხის საკითხსაც. ჯერ კიდევ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ფუნდამენტური გზავნილი, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმ ზიანზე, რომელიც უკრაინას მიადგა. მას ამ ზიანის ანაზღაურება მოუწევს. გაყინული აქტივები – სარეპარაციო სესხის ფარგლებში – უკრაინის თავდაცვისთვის იქნება გამოყენებული”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, სამიტის დაწყებამდე.

„მიუხედავად დიდი მოლოდინისა, რომელიც პრეზიდენტი ტრამპის ინიციატივებმა შექმნა, დღეს ნათელია, რომ სამწუხაროდ, ეს ინიციატივები პრეზიდენტ პუტინის ნებას არ შეესაბამება. რუსეთი აძლიერებს იერიშებს – აძლიერებს თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ობიექტებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინელების ბრძოლის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. დღეს დილით უკვე დავამტკიცეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მიზანში იღებს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტს“, რუსეთის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებს. და დღეს, ამ ევროპულ საბჭოზე, მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რათა  უკრაინის ფინანსური საჭიროებები დავაკმაყოფილოთ 2026 და 2027 წლებისთვის, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვისთვის. ეს ძალიან ძლიერი გზავნილია რუსეთისთვის. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რაც არ უნდა დაგვიჯდეს, უკრაინას მხარს დავუჭერთ, ვიდრე საჭირო იქნება“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ბრიუსელშია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის გზა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაა. სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ევროპელ ლიდერს, ევროკავშირის ლიდერებს რუსეთზე ზეწოლისთვის. დღეს კარგი შედეგი გვაქვს – სანქციების მე-19 პაკეტი. მადლობას ვუხდით ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპს ენერგეტიკასთან დაკავშირებული სანქციებისთვის. ზეწოლაა იარაღიც – და პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის სისტემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური თავდასხმის დროს. ეს სისტემები ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ასევე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც შეუერთდა „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ამერიკულ „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს ვიღებთ. საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხს დიდი დრო დავუთმეთ. ევროკავშირის უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს 2026 და 2027 წლებში. გმადლობთ ამისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ – დაუწესა. ამასთან, გაუქმებულია შეხვედრაც, რომელიც შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში უნდა შემდგარიყო. ამერიკის შეერთებულის შტატების ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის, განმარტებით, რადგან პუტინი უარს ამბობს ომის დასრულებაზე, შტატების სახაზინო დეპარტამენტი ასანქცირებს მათ, ვინც კრემლის ომის მანქანას აფინანსებს. მისივე სიტყვებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი მზადაა, დამატებითი ზომებიც მიიღოს. როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ სანქციების მოქმედება დიდხანს არ გაგრძელდება.

„უზარმაზარი სანქციები დავაწესეთ. ეს ძალიან სერიოზული ზომებია და რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას მიემართება. იმედი გვაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. გვინდა, რომ ომი მალე შეწყდეს. უკვე ვუპასუხეთ კითხვებს სხვადასხვა ტიპის რაკეტებზე და სხვა საკითხებზე, რომელთაც განვიხილავთ, თუმცა მგონია, რომ ეს აუცილებელი არ იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ხოლო კითხვას იმის შესახებ, თუ რა აფიქრებინებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ სანქციები ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლას აიძულებს, დონალდ ტრამპმა ამგვარად უპასუხა.

„არ ვიცი, რომ ნამდვილად აიძულებს. მაგრამ ვფიქრობ, სანქციებს გავლენა ექნება. ეს ძალიან მასშტაბური სანქციებია და ნავთობს ეხება – ორ უდიდეს ნავთობკომპანიას. იმედია, ეს იმოქმედებს და პუტინი გონივრულად მოიქცევა, ასევე ზელენსკიც“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„სანქციები, რომლებსაც რუსეთს უწესებენ, არ მუშაობს ისე, როგორც მათ ჩაიფიქრეს“, – ასეთია კრემლის პოზიცია სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ დღეს განაცხადა, რომ ბრიუსელის სანქციები „არაეფექტურია“ და ეს შეზღუდვები რუსეთზე მეტად ევროკავშირს ვნებს. მან „უკიდურესად კონტრპროდუქტიული“ უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსულ ნავთობკომპანიებზე დაკისრებულ სანქციებსაც. მარია ზახაროვას განცხადებით, თუ დონალდ ტრამპი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ამერიკის შეერთებული შტატების ძველი ადმინისტრაციის გზას გაჰყვება, ეს ნეგატიურად იმოქმედებს როგორც შტატების საშინაო პოლიტიკაზე, ისე გლობალურ ეკონომიკაზე.

„ამას განვიხილავთ როგორც უკიდურესად კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს. მათ შორის იმ გზავნილების გათვალისწინებით, რომლებიც უკრაინის კონფლიქტის ხელშესახები გადაწყვეტის მცდელობების ირგვლივ არსებობდა. თუ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელისუფლება მაგალითს აიღებს წინამორბედებისგან, რომლებიც რუსეთს საკუთარი ეროვნული ინტერესების გვერდის ავლით მოქმედებას არაკანონზომიერი სანქციით, ზეწოლით ცდილობდნენ, მაშინ შედეგი იქნება ზუსტად იგივე. ეს იქნება ჩავარდნა შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით და ნეგატიურად აისახება მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობაზე.

ბევრჯერ გვისაუბრია ევროკავშირის ცალმხრივი შეზღუდვების არაეფექტურობასა და  ევროკავშირის ელიტების უუნარობაზე, აღიარონ აშკარა ფაქტი, რომ სანქციები რომლებსაც რუსეთს უწესებენ, არ მუშაობს ისე, როგორც მათ ჩაიფიქრეს. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ისევ ევროკავშირის წინააღმდეგ მოქმედებს. ბრიუსელმა ყველაფერი სცადა იმ კონცეფციის ფარგლებში, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას ემსახურებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან კონტაქტის გასაგრძელებლად, იმ თანხების ფარგლებში, რომლებსაც შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრისას მიაღწიეს. ეხება ეს ორმხრივ ურთიერთობას, თუ უკრაინის საკითხის დარეგულირებას”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

დღევანდელი სამიტის დღის წესრიგის ნაწილი იყო რუსული გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების გეგმაც. ევროკავშირისა და ბლოკის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საკუთარი ომის ფასი რუსეთმა თავადვე უნდა გადაიხადოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend