მთავარიევროპაუკრაინარუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს

რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს

რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს. 21 ოქტომბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა იერიშები მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხერსონზე. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული სამხედრო იერიშის შედეგად, ხერსონში მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სკოლის შენობა.

„ფაქტობრივად ორი სართული ჩამოინგრა. სახურავი, კედლები და ფანჯრები მთლიანად ჩამონგრეულია. ყველაფერი დაზიანებულია. უბრალოდ არაფერი აღარ დარჩა“, – ამბობს ხერსონის მე-8 საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მარინა მუნტეანი.

რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული შენობიდან მაშველებს ძაღლი გაჰყავთ, უკრაინა, 21 ოქტომბერი, 2025 წელი

21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ უკრაინის კიდევ ერთ ქალაქს, ხარკივს, მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებით შეუტია, დაშავდა ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე. ქალაქ ჩერნიჰივში კი, რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს ენერგეტიკული ობიექტებზე, რის შედეგადაც რეგიონის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ელექტროსადგურების შეკეთებაზე ადგილობრივი ელექტრიკოსები მუშაობენ. ეს პირველი შემთხვევა არაა, რუსული იერიშების გამო მათ ერთი და იმავე ელექტროხაზებისა და სადგურების შეკეთება უწევთ.

„ჩვენი ამოცანაა, დაზიანებები შევაკეთოთ და მოსახლეობა ელექტროენერგიით უზრუნველვყოთ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, სულ ესაა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა იმას კიდევ ანადგურებენ, რაც უკვე აღადგინე, მაგრამ ეს ჩვენი საქმეა. ვინ გააკეთებდა ამას, თუ არა ჩვენ? სხვა ამას არავინ გააკეთებს“, – ამბობს ერთ-ერთი ელექტროტექნიკოსი, ბოჰდან ბილუსი.

რუსული იერიშების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების მნიშვნელობაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ მას შემდეგ რაც შეერთებული შტატებიდან ტომაჰავკების შეძენის საკითხმა აქტუალურობა დაკარგა, რუსეთმა იერიშები გააძლიერა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს კიდევ უფრო დაშორდა.

„ფრონტის ხაზს შეუძლია დიპლომატიურ მოლაპარაკებებს შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ დიპლომატიას აარიდოს თავი. როგორც კი ჩვენთვის, უკრაინისთვის, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის საკითხი ნაკლებად აქტუალური გახდა, რუსეთის ინტერესი დიპლომატიის მიმართ მაშინვე გაქრა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ  შორ მანძილზე მოქმედი იარაღის საკითხია მშვიდობის აუცილებელი გასაღები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ვიდრე რუსეთი პირდაპირ საფრთხეს არ იგრძნოს, ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend