„არ მსურს დროის ფუჭად კარგვა“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის გადადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„არ მინდა უსარგებლო შეხვედრის გამართვა, არც დროის ფუჭად კარგვა, ამიტომ ვნახავ, რა მოხდება. ზოგადად, უამრავი სამშვიდობო შეთანხმება გაგვიფორმებია, ეს ერთი დარჩა. ვუთხარი მათ, რომ უკან დაიხიონ და სახლებში წავიდნენ, დაისვენონ, რადგან ორი ქვეყანა ყოველკვირეულად 5000-იდან 7000-ამდე ჯარისკაცს კარგავს. ვნახოთ, რა მოხდება. გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეგატყობინებთ, თუ რას გავაკეთებთ. ჩვენ ამას მოვაგვარებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა 21 ოქტომბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაიდო.
როგორც სატელეფონო საუბრის დროს გაირკვა, კრემლს არ შეუცვლია თავისი პოზიცია და უკრაინისგან კვლავ ითხოვს დონბასის რეგიონის რუსეთისთვის სრულად და უბრძოლველად გადაცემას, ხოლო საბრძოლო მოქმედებების გაყინვას ფრონტის ხაზის ამჟამინდელი მდგომარეობით.

