აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს ომში გამარჯვების შესაძლებლობა, თუმცა დონალდ ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ამაში დარწმუნებული არ არის.
ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზასთან შეხვედრისას, მედიასთან გააკეთა.
„უკრაინას შეეძლო გამარჯვება. მათ კიდევ აქვთ ამის შესაძლებლობა. დარწმუნებული არ ვარ, თუმცა შეუძლიათ. არასდროს მითქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ მათ შეეძლოთ გამარჯვება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ომი ძალიან უცნაური რამაა. ხდება კარგიც და ცუდიც“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
პარალელურად, უკრაინის შესახებ ისაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმაც. ის დღეს ისრაელში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას გამართავს.
გამგზავრებამდე მედიასთან საუბრისას ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინის თხოვნას „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტის მიწოდებაზე, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს და მას ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
„ვიცით, რომ უკრაინას „ტომაჰავკები“ უნდა. თუმცა პრეზიდენტს ამის სესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, პირველ ყოვლისა, თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ცხადია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სამხედროებისა და ჯარისკაცების უსაფრთხოებისთვის.
რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილების მიზანია მშვიდობის დამყარება, რადგან ეს ამერიკის ინტერესებშიცაა. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ „ტომაჰავკების“ გადაცემასთან დაკავშირებით ევროპაში კონსულტაციების გავლაა საჭირო, ის ამას გააკეთებს. თუმცა ამჟამად იარაღის გადაცემაზე გადაწყვეტილება მას არ მიუღია“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
ისრაელში ჯეი დი ვენსის ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ფაზას ისრაელის შეტევებმა საფრთხე შეუქმნა.

