ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რასაც საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა უხელმძღვანელა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის საკითხი განიხილეს. კაია კალასის თქმით, ევროპა ვერ დაიხევს უკან, რადგან თუ რუსეთი ახლა მიიღებს იმას, რაც სურს, ეს იქნება ახალი აგრესიის წინაპირობა ევროპაში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა კი მსხვერპლი. ამრიგად, უკრაინაზე, როგორც მსხვერპლზე, ზეწოლა არ არის სწორი მიდგომა. ეს ეხება არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასაც, რადგან თუ რუსეთის აგრესია შედეგს მოიტანს, ეს იმას, ნიშნავს, რომ ამ აგრესიას სხვაგანაც მიმართავს. თუ ჩვენ უბრალოდ დათმობაზე წავალთ და რუსეთი იმას მიიღებს, რაც სურს, მაშინ აგრესიას კიდევ ვიხილავთ. ისტორიაში ეს უკვე რამდენჯერმე ვნახეთ. ამრიგად, ჩვენი მიდგომა ნათელია და დღეს მინისტრებთანაც განვიხილეთ. უკრაინას თავდაცვაში უნდა დავეხმაროთ და ასევე, ზეწოლა გავაძლიეროთ რუსეთზე, რათა ეს ომი შეწყვიტოს. ზეწოლას ჩვენ სანქციებით ვზრდით“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
მინისტრებმა ისაუბრეს ბუდაპეშტში დაგეგმილი ორმხრივი სამიტის შესახებაც, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს შესაძლოა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ეჭვი გამოთქვა, იყო თუ არა უნგრეთი შესაბამისი ადგილი ასეთი შეხვედრისთვის, თუმცა დანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ეს უბრალოდ შეხვედრის ადგილია და გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო, რაშიც ევროპამ მას მხარი უნდა დაუჭიროს.

