პარიზის ლუვრის მუზეუმი ამ დრომდე დაკეტილია. ფრანგი სამართალდამცველები ეძებენ 4 დამნაშავეს, რომლებმაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში ისტორიული სამკაულები მოიპარეს. ბოლო ცნობებით, მძარცველებმა მუზეუმიდან მოტოციკლეტებით გაიტანეს ძვირფასეულობა.
ლუვრის გალერია ,,აპოლოში” ექსპერტები ცდილობენ მიაგნონ კვალს, რომელიც მათ შვიდწუთიან ოპერაციაში მონაწილე მძარცველებამდე მიიყვანს.
პროკურატურის ინფორმაციით, დამნაშავეებმა წაიღეს რვა ექსპონატი, მათ შორის ნაპოლეონ პირველის მეუღლის, დედოფალ მარია-ლუიზას, ყელსაბამი და საყურე, მეფე ლუი-ფილიპ I-ის მეუღლის, დედოფალ მარია-ამელის, ყელსაბამი, საყურეები და დიადემა, ასევე დედოფალ ევგენიას ორი ბროში და დიადემა.
მეცხრე ექსპონატი – დედოფლის ზურმუხტებით შემკული გვირგვინი, რომელშიც 1300-ზე მეტი ბრილიანტია, მოგვიანებით მუზეუმის გარეთ იპოვეს. გვირგვინი დაზიანებულია.
თვითმხილველების თქმით, მძარცველებმა მუზეუმის ტერიტორიაზე მექანიკური ასაწევი ლიფტი შეიტანეს. როგორც ჩანს, უსაფრთხოების წესები არ იყო შესაბამისად დაცული, რადგან ვერავინ შეამჩნია ამხელა ტექნიკა მუზეუმის ეზოში.
ოფიციალური ინფორმაციით, მძარცველები ავიდნენ მუზეუმის ფასადზე, გახსნეს ფანჯარა, ჩაამსხვრიეს ვიტრინები, აიღეს ძვირფასეულობა და გაიქცნენ. შემთხვევა მუზეუმის გახსნიდან დაახლოებით 30 წუთში, დღისით მოხდა, როცა ლუვრში უკვე იმყოფებოდნენ ვიზიტორები.
ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია Art Recovery International-ის ინფორმაციით, გამოძიება ახლა იმ პირების წრეს იკვლევს, რომლებიც ზოგადად დაკავშირებული არიან ხელოვნების ან ძვირფასეულობის ქურდობასთან.
ლუვრში ჩაირთო სიგნალიზაცია. უსაფრთხოების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა მძარცველები გალერია ,,აპოლოში” უკვე აღარ იყვნენ. ექსპერტების აზრით, შესაძლოა, ძვირფასეულობა ქვეყნიდან გაიტანონ, დაშალონ და გაყიდონ.
ფრანგული მედიის ცნობით, შესაბამისი სამსახურები ქვეყნის ყველა საზღვარსა და პორტს აკონტროლებენ. ინტერპოლი კი აღმოსავლეთ ევროპაში ძვირფასეულობის ცნობილ მოვაჭრეებს ამოწმებს.
Le vol commis au Louvre est une atteinte à un patrimoine que nous chérissons car il est notre Histoire.
Nous retrouverons les œuvres et les auteurs seront traduits en justice. Tout est mis en œuvre, partout, pour y arriver, sous la conduite du parquet de Paris.…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) October 19, 2025
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ლუვრში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა და იგეგმება მათი დამატებითი განახლება ახალი თაობის კამერებით, პერიმეტრის სენსორებითა და უსაფრთხოების მართვის ოთახით, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებულია.
2025 წლის 19 ოქტომბრის ძარცვა პარიზის ლუვრში ჩადენილი ყველაზე რეზონანსული ქურდობაა 1911 წლის შემდეგ, როცა მუზეუმიდან წაიღეს ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა”. ლუვრის იტალიელი თანამშრომლის, ვინჩენცო პერუჯას მიერ მოპარული შედევრი ორი წლის შემდეგ იტალიაში იპოვეს.

