19 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქვანახშირის მაღაროსა და ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე დრონებით იერიშები მიიტანა.
უკრაინული კერძო ენერგეტიკული კომპანიის ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქვანახშირის საბადო, სადაც იერიშის დროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციითვე, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს მოსკოვის მეოთხე თავდასხმა იყო.
ჩრდილოეთში, ჩერნიჰივის რეგიონში მდებარე ობიექტზე მიტანილი იერიშის შედეგად კი, 55 000 მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დრომდე მუშაობენ.
საპასუხო იერიშები 20 ოქტომბერს რუსეთზე უკრაინამაც მიიტანა. რუსეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებების ცნობით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში მდებარე ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
ქარხანას რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ მართავს და ყაზახეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. რეგიონის გუბერნატორის თქმით, იერიშის შედეგად ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მათ ყაზახეთიდან ბუნებრივი აირის მიღების შეწყვეტა მოუხდათ.
ქარხანა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და მისი წლიური სიმძლავრე 45 მილიარდი კუბური მეტრია.
