მაგიური ცალრქა ხელოვნებაში, ბიოგრაფიული ფილმი ბრიუს სპრინგსტინზე და 90-იანი წლების პოსტ-როკჯგუფი Tortoise ბრუნდება — აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ კვირაში.
წინ გველის კიდევ ერთი კვირა და რეკომენდაციების სია, რომელიც ამ ბნელი შემოდგომის დღეებს ჯადოსნური ფერებით შეცვლის. გთავაზობთ ბარბერინის მუზეუმის ახალ გამოფენას, სადაც წარმოდგენილია საუკუნეების განმავლობაში ცალრქას თემაზე შექმნილი ასზე მეტი ნამუშევარი.
პარიზში კარტიეს ფონდი თანამედროვე ხელოვნებაში საქველმოქმედო საქმიანობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს და ახალ სივრცეში მასპინძლობს პირველ გამოფენას, რომელიც სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება.
ბრიუს სპრინგსტინის თაყვანისმცემლებისთვის სკოტ კუპერის ფილმი The Boss ნამდვილად შესაფერისი მიზეზია კინოთეატრში წასასვლელად. ასევე შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად Netflix-ის რომანტიკული კომედიის Nobody Want This მეორე სეზონს უყუროთ.
თქვენ გელით ხელოვნების ბაზრობა – არტბაზელი შვეიცარიაში, ასევე ლონდონის გამოფენა, რომელიც გილერმო დელ ტოროს „ფრანკენშტეინს” ეძღვნება და ავსტრიაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც კომპოზიტორ იოჰან შტრაუს II-ის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღინიშნება.
როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ, მოიმზადეთ რამე თბილი სასმელი, გახსენით კალენდარი და დავიწყოთ.
გამოფენები
ცალრქა – მითური ცხოველი ხელოვნებაში

ცალრქა, როგორც მითოლოგიური სიმბოლო საუკუნეების განმავლობაში იქცევდა ადამიანების ყურადღებას. ის ფანტასტიკური ჟანრის ზღაპრების პერსონაჟია, მას ასევე ხშირად გამოსახავდნენ ხელოვნებასა და მოდაში. შთამბეჭდავი რქიანი არსება ხელოვანებისთვის დღემდეა შთაგონების წყარო. პოტსდამის ბარბერინის მუზეუმში ამ თემას ჯადოსნური კოლექცია მიეძღვნა. აქ წარმოდგენილია 4000 წლის განმავლობაში ცალრქას თემაზე შექმნილი თითქმის 150 ნამუშევარი. გამოფენაზე ნახავთ ასევე გობელენებს, ბრინჯაოს ქანდაკებებს, ფაქიზად შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებსა და ხელნაწერებს — ბევრი მათგანი იმდენად უნიკალურია, როგორც თავად ცალრქა. გამოფენა 25 ოქტომბრიდან 1-ელი თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
Fondation Cartier pour l’art contemporain: Exposition Générale
ოთხმოცი წლის განმავლობაში კარტიეს ფონდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას. ფონდის ახალი შთამბეჭდავი შენობა, რომელიც ჟან ნუველის მიერაა გადაკეთებული, საინტერესო ისტორიით გამოირჩევა — აქ ადრე ლუვრის უნივერმაღები (Grands Magasins du Louvre) იყო. ახალი სივრცე იხსნება სადებიუტო გამოფენით, რომელიც ორგანიზაციის საქველმოქმედო მიღწევებს ეძღვნება. გამოფენაზე ოთხი ძირითადი თემაა: არქიტექტურა, ბუნება, ხელნაკეთი ქმნილებები და მიღებული გამოცდილება.
ბონუსი: Art Basel, თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა მსოფლიოში, შვეიცარიაში 24 ოქტომბერს იხსნება. ამავდროულად, გილერმო დელ ტოროს თაყვანისმცემლები აუცილებლად უნდა ეწვიონ ლონდონის სელფრიჯსს (Selfridges), სადაც მისი ახალი ფილმის, ფრანკენშტეინისადმი მიძღვნილი უფასო გამოფენა ეწყობა. მექსიკელი რეჟისორი ცოტა ხნის წინ ლიონში, ლუმიერის კინოფესტივალზე, იმყოფებოდა. შესაბამისად, შეგიძლიათ გაეცნოთ მის მოსაზრებებს მერი შელისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ბოლოს კი გირჩევთ, ესტუმროთ შტრაუსის სახლსა და იოჰან შტრაუსის მუზეუმს, სადაც 25 ოქტომბერს კომპოზიტორის დაბადების 200 წლის იუბილე აღინიშნება.
ფილმები
Springsteen: Deliver Me From Nowhere
.
გასულ წელს ტიმოთი შალამე ბობ დილანის როლში ვიხილეთ, ხოლო რობი უილიამსი — კომპიუტერული გრაფიკით გაკეთებულ შიმპანზედ. წლევანდელი მთავარი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმი ჯერემი ალენ უაიტს (The Bear) ბრიუს სპრინგსტინის როლში წარმოგვიდგენს. სიუჟეტი 1982 წელს ჩაწერილი ალბომის Nebraska-ს გარშემო ვითარდება — ეს პერიოდი სპრინგსტინის ცხოვრებაში რთული და გარდამავალი იყო, რადგან იგი წარმატებით გამოწვეულ გაუცხოებასა და პირად დემონებს ებრძოდა. შედეგი კი უკიდურესად პირადი და ემოციური სოლო სიმღერების სია იყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს ემოციური ფონი იქნება ამ ამერიკული ლეგენდის კინოპორტრეტის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ფილმის პრემიერა ევროპის კინოთეატრებში 24 ოქტომბერს გაიმართება.
სატელევიზიო სერიალები
Nobody Wants This (მეორე სეზონი)
.
რაბინსა (ადამ ბროდის) და სექსის თემაზე პოდკასტის წამყვანს (კრისტენ ბელს) ერთმანეთი შეუყვარდებათ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან. მეორე სეზონი სიღრმისეულად იკვლევს ურთიერთობის გარდამავალ ეტაპებსა და ოჯახურ პრობლემებს. რომანტიკული სერიალი Netflix-ზე 23 ოქტომბერს გამოვა.
მუსიკა
Tortoise: Touch
.
ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი Tortoise ნანატრი ახალი ალბომით ბრუნდება. ბენდი 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ჟანრის (ჯაზი, ელექტრონული მუსიკა და სხვა) შერწყმით იყო ცნობილი. ახალ ალბომ Touch-საც ახასიათებს მრავალფეროვნება. ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქალაქისთვის დამახასიათებელ უნიკალურ მუსიკას აერთიანებენ. ეს ექსპერიმენტული და ინოვაციური მუსიკაა, რომელშიც კარგად იგრძნობა საერთო შემოქმედებითი სული. ახალი ალბომი 24 ოქტომბერს გამოვა.


