„ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხის წინაშეა მას შემდეგ, რაც მხარეები ერთმანეთს შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ისრაელის მხარემ მის სამხედროებზე თავდასხმას საჰაერო იერიშით უპასუხა, რასაც, ბოლო ინფორმაციით, 29 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც ხან-იუნისში, ნასერის საავადმყოფოში, გადაიყვანეს.
ასევე გაურკვეველი დროით შეჩერდა ღაზის სექტორში დახმარების შეტანაც. შუამავალი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებით, ვითარების დეესკალაციის მიზნით, მოლაპარაკებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ღაზაში მათ „ჰამასის“ მებრძოლებმა გაუხსნეს ცეცხლი, რასაც ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მათივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიიტანა იერიში ისრაელის არმიამ ღაზაზე. მათ განმარტეს, რომ „ჰამასის“ ათობით სამიზნე დაბომბეს.
„ბავშვს ეძინა, ნამსხვრევები კარვის შუაგულში ჩამოიყარა. რა ცოდვა ჩავიდინეთ ამისთანა ჩვენ ან ბავშვებმა? მათ ვერ მოასწრეს სკოლიდან დაბრუნება. რა უნდათ, მასწავლებლების კარავს რომ ბომბავენ, იქ ხომ ბავშვებს ასწავლიან? უფროსი მეორე კლასშია. რა უნდათ ჩვენგან? სად არის მშვიდობა?“ – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირი ხადიჯე აბუ-ნოფალი.
ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, ღაზის სექტორში დარტყმის შედეგად 29 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მორიგ შეტყობინებამდე ტერიტორიაზე დახმარების შეტანა შეჩერებულია, რადგან „ჰამასი“ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
შუამავალი ქვეყნების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვითარების დეესკალაციისა და დახმარების შეტანის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს დაავალა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მკაცრი ზომები მიეღოთ, თუმცა ომის განახლებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ისრაელის არმიის განცხადებით, მათ ცეცხლი გაუხსნეს მებრძოლებს რაფაჰის იმ რაიონებში, რომლებსაც ისრაელი აკონტროლებდა.
„ჰამასი“, თავის მხრივ, ისრაელს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და ამტკიცებს, რომ მათ უკვე დიდი ხანია აღარ აქვთ კავშირი მებრძოლებთან რაფაჰში. შესაბამისად, ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციებს 68 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

