უკრაინელები სკეპტიციზმს არ მალავენ. ომის დიპლომატიური გადაწყვეტის არ სჯერათ, რადგან მოწინააღმდეგე მხარე კარგად შეისწავლეს. მათი პრეზიდენტი ვაშინგტონიდან კიევში სულ ახლახან დაბრუნდა ამერიკული „ტომაჰავკების” გარეშე. შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიღების პერსპექტივაზე კიევმა არც კი მიიღო და არც არა, თუმცა ახლა ესეც დამაიმედებლად გამოიყურება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იცის, რომ მოსკოვს უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული შეიარაღება აშინებს, ამიტომ დიალოგს ღიად ტოვებს და უკეთესის იმედს ინარჩუნებს.
„მე ვესაუბრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურ ოლეკსანდრ სირსკის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობაზე. ყოველდღიურად ვახორციელებთ დარტყმებს რუსეთის სანავთობე ობიექტებზე, ეს კი მათ რეალობაში აბრუნებთ. ჩვენ აშშ-ს წარვუდგინეთ შეთავაზება ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის, ატომური ენერგიისა და სხვა პროექტებთან დაკავშირებით. ვმუშაობთ დეტალებზე. თითქმის ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ლიდერებთან და ვარწმუნებ მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ევროპაში ყველას გვქონდეს საერთო პოზიცია, რათა რუსეთზე ზეწოლა გავაგრძელოთ. მე უკვე გავეცი ინსტრუქციები ჩვენი დიპლომატების მიმართ და ლიდერებსაც ვესაუბრე იმაზე, რომ უახლოეს მომავალში მომზადდეს შეხვედრა მსურველთა კოალიციის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ ევროპაში გვჭირდება ერთობლივი პოზიცია. ეს აუცილებლად მოხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვიდრე მსურველთა კოალიცია შეხვედრას გამართავს, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგასთან აპირებს შეხვედრას. ევროპელ ლიდერებთან განხილვის მთავარი თემა სწორედ თეთრი სახლის ბოლო აუდიენციაა. მისი ყველაზე საინტერესო ნაწილი დახურული იყო, თუმცა ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ საუბარი ხისტი და არასასიამოვნო იყო, რადგან დონალდ ტრამპი უკრაინას ტერიტორიულ დათმობისკენ უბიძგებდა. ეს ვერსია პირადად ტრამპმა უარყო.
ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი მიუღებელია უკრაინის მხარდამჭერი ევროპელი ლიდერებისთვის. ამაზე პარასკევს, 24 ოქტომბერს, მსურველთა კოალიციის წევრები უკვე ლონდონში დაილაპარაკებენ. მათთვის რუსეთთან ურთიერთობის საუკეთესო ტაქტიკა მასზე ზეწოლა და სანქციებია. ევროპაში თითქმის მიღწეულია გადაწყვეტილება 2028 წლამდე რუსული გაზის იმპორტზე სრული უარისთვის. ბევრმა ბოლომდე ისიც ვერ მიიღო, რომ უახლოეს მომავალში ომის დანაშაულში ბრალდებულ ვლადიმერ პუტინს ევროპის გულში, პირდაპირ ბუდაპეშტში ელიან.
„ვისურვებდი, რომ ერთმანეთს პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი პუტინი ხვდებოდნენ, რადგან სწორედ ისინი უნდა შეთანხმდნენ ყველაფერზე. მნიშვნელოვანია პრეზიდენტი ზელენსკი ასევე შეხვდეს პუტინს, რათა განიხილონ ის, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. აშშ-ს აქვს დიდი ზეწოლის ბერკეტი რუსეთზე, რათა ის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოიყვანოს. რაც შეეხება ბუდაპეშტს, ნამდვილად არასასიამოვნოა იმის ხილვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნაგამოცხადებული ადამიანი ევროპაში ჩამოდის. კითხვა იმაში მდგომარეობს, რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი. უნდა ვნახოთ, რა მოხდება ბუდაპეშტში…”- აღნიშნავს ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს, 20 ოქტომბერს, ტელეფონით ისაუბრეს, რათა მათი პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებლად პირადად შეხვდნენ. მხარეებს წინ დიდი სამუშაო აქვთ, რადგან აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მომდევნო 2 კვირის მანძილზე უნდა ჩაინიშნოს. ამისათვის დიპლომატებს შინაარსობრივი და ტექნიკური საკითხები აქვთ შესათანხმებელი.
„სრულმასშტაბიანი მზადება ჯერ არ დაწყებულა – ამიერიდან დაიწყება. პრეზიდენტ ტრამპს ვიქტორ ორბანთან თბილი ურთიერთობა აქვს, ძალიან კონსტრუქციულია მისი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან. ამან შეუწყო ხელი ჩვენს თანხმობას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პირველ რიგში წინ წავიწევით სამშვიდობო დღის წესრიგში, ასევე განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს. წინააღმდეგობრივია განცხადებები კიევში. რუსეთი კი თანმიმდევრულია, პრეზიდენტის პოზიცია ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ვაგრძელეთ კომუნიკაციას ამერიკელებთან უკრაინის თაობაზე, სერიოზული სამუშაო პროცესია“, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად 2025 წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც მან თეთრი სახლი დაიკავა. მას შემდეგ არაერთხელ გამართულმა შეხვედრამ და დისკუსიამ ჯერ შედეგი ვერ აჩვენა. რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უკვე სამწელიწად-ნახევარზე მეტია, გრძელდება.
