კატეგორიები

აშშ და უკრაინა „ტომაჰავკების” გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას

აშშ და უკრაინა „ტომაჰავკების” გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას

თეთრ სახლში დასრულდა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან განიხილა შორი მოქმედების იარაღის გამოყენების საკითხი, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, არ ისაუბრონ ამ თემაზე საჯაროდ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან ხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ვაშინგტონი, აშშ, 17 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Alex Brandon

მისი თქმით, აშშ-ს არ სურს ესკალაცია, თუმცა უკრაინისთვის „ტომაჰავკების” გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან არ გამქრალა.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ სჯერა, დონალდ ტრამპი ხელს შეუწყობს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას:

„გვჯერა, პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება და ეს რთულია. ეს ძალიან რთული გადასაწყვეტია… პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავიგოთ, სად ვართ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი… რუსეთს მთლიანი უკრაინის ოკუპაცია სურს, მას სურს შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, დარჩება უკვე დაკავებული ტერიტორიები”.

მანვე დასძინა, რომ არანაკლებ რთული იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა ახლო აღმოსავლეთშიც, რაც, მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მოახერხა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიას განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულებისთანავე, ის ესაუბრა ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს და განიხილა უსაფრთხოების გარანტიები.

მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა პლატფორმა Truth Social-ზე შეხვედრის შესახებ დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა შეხვედრას „საინტერესო და გულითადი” უწოდა. მისი თქმით, მხარეებმა უნდა შეწყვიტონ მკვლელობა და თავი გამარჯვებულებად გამოაცხადონ, დანარჩენს კი ისტორია გადაწყვეტს:

„ისეთივე სიმტკიცით, როგორც პრეზიდენტ პუტინს, მასაც შევთავაზე, რომ მკვლელობების შეწყვეტისა და შეთანხმების დადების დროა! საკმარისად დაიღვარა სისხლი, საკუთრების ხაზები კი ომმა და გამბედაობამ განსაზღვრა.
ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან! დაე, ორივემ გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად, დაე, ისტორიამ გადაწყვიტოს! აღარანაირი სროლა, აღარანაირი სიკვდილი, აღარანაირი უზარმაზარი ფულის ხარჯვა…
ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იხოცება – მეტი აღარ არის საჭირო, თქვენს ოჯახებს მშვიდობით დაუბრუნდით!” – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე და დასძენს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, უკრაინაში რუსეთის ომი არ დაიწყებოდა.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები