მთავარიკუბი„უაღრესად ცუდი შედეგები დადგება” - სოციალურ ქსელებში განათლების რეფორმის გეგმას ეხმიანებიან

„უაღრესად ცუდი შედეგები დადგება” – სოციალურ ქსელებში განათლების რეფორმის გეგმას ეხმიანებიან

ირაკლი კობახიძის გეგმას უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

მოქალაქეები და პროფესორ მასწავლებლები განსაკუთრებით აკრიტიკებენ იმ ნაწილს, სადაც საუბარია ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპზე. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება გეგმავს შეამციროს პროფესორ მასწავლებლების შტატები და დაიხუროს მთელი რიგი ფაკულტეტები რიგ უნივერსიტეტებში.

პროფესორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში წერს:

“თუ ეს დაგეგმილი გეგმა, რამდენადაც გავიგე, განხორციელდა, უაღრესად ცუდი შედეგები დადგება:

სასწავლო პროცესის დიდი ნაწილი გავა თბილისიდან, რაც უზარმაზარი დანაკარგი იქნება დედაქალაქისთვისაც და განათლების პროცესისთვისაც – უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, არის ქალაქური და ქალაქის ინსტიტუცია;

პროფესორებისა და სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში დრამატულად შემცირდება (სტრუქტურული, ფინანსური, პოლიტიკური ფაქტორების გამო). სფერო დაკარგავს მაღალკვალიფიციურ კადრებს, ხოლო მომავალი სტუდენტებისთვის არ იქნება საკმარისი ადგილები;

დარჩენილი უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს; ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული. განვითარების მთავარი მუხტი, რომელიც ბოლო ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში დასავლეთიდან მოდიოდა, საბოლოოდ მოკვდება. “

განათლების ექსპერტი ქეთი ცოტნიაშვილი:

“ფაკულტეტები რომ “ტრადიციული ფუნქციის” მიხედვით უნდა გადანაწილდეს, ეს ტრადიციული ფუნქცია, ხომ გახსოვთ, დიადი საბჭოთა წარსულიდან მოდის. თანამედროვე გადააზრება დღევანდელი განვითარების და შესაძლებლობების გათვალისწინებით არ განიხილება? ასევე, აკადემიური და სამეცნიერო განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი დღეს ინტერდისციპლინურობაა და არა აკადემიური სივრცის დარგებად დაჩეხვა”

ყველა რეგიონში უნიფიცირებულად, მხოლოდ პედაგოგიკა და აგრარული მეცნიერებები რომ არის პრიორიტეტი ეს რა კვლევას ეფუძნება? ეს რანაირად შეიძლება იყოს რეგიონების განვითარების და მიმზიდველობის თვალსაზრისით სერიოზული განაცხადი?

სად არის ამ კონცეფციის შესრულების შესაძლებლობის ანალიზი?

სად არის ვადები?

სად არის და რამდენია ამ რეფორმის დასანერგად გამოყოფილი ბიუჯეტი?”

ლექტორი და იურისტი საბა ბრაჭველი:

“ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი. ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ კარგ შემთხვევაში – პასიური დუმილი, უფრო სავარაუდოდ კი – აქტიური მორჩილება მოუწევთ. თავიანთი პროპაგანდისტების დასასაქმებლადაც კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორების მოწვევაც აეკრძალებათ.

ფაკულტეტების და პროფესურის შემცირება ასევე ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. უმაღლესი განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ახლა შველას საჭიროებს, მალე კი – საშველიც აღარაფერი იქნება, რადგან თავად უმაღლესი განათლების მიღება გახდება იშვიათობა. განათლების მიღების გარეშე შემცირდება კრიტიკული აზროვნების ისედაც სავალალო მაჩვენებელი, რაც ტვინის რეცხვისა და პროპაგანდისთვის კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის”

ამ თემას რამდენიმე ვრცელი პოსტი მიუძღვნა ელექტრონული და კომპიუტერული ინჟნერიის პროფესორმა ნანა დიხამინჯიამ:

“დღეს, მთელი მსოფლიოს განათლება გადადის ინტერდისციპლინურობაზე და პროგრამების მოქნილობაზე, სადაც სტუდენტს უნდა ჰქონდეს ძალიან ფართო არჩევანი, რომ აიღოს მისთვის საინტერესო მაინორი, ან ორმაგი დიპლომი. დღეს ყველა უნივერსიტეტი ცდილობს ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას და თითქმის ყველა სფეროს კვლევები უკვე იკვეთება კომპიუტერულ მეცნიერებებთან, ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან. როგორ წარმოუდგენიათ ამის განხორციელება, თუ ასე უნდა დაყონ უნივერსიტეტები ფაკულტეტებად? თუ საბჭოთა, ხისტ, მოუქნელ სისტემაში დაბრუნებაა მიზანი?”

სოციალურ ქსელებში მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლების გეგმა 12 წლიანი პროცესის 11 წლიანით ჩანაცვლების თაობაზეც. ოპონენტების განმარტებით, 12 წლიანი საშუალო განათლება აუცილებელია ბოლონიის პროცესისთვის, რომელსაც საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა, ხოლო 11 წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ვეღარ შეძლებენ ევროპის უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა.

ეს მოსაზრება თავად ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

“წუხან იმაზე, რომ მიგრაციას შეექმნება გარკვეული ბარიერები. რომ განვაზოგადოთ, ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება.

“რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები წავიდნენ მრავლად ქვეყნიდან? მით უმეტეს, რომ ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მით უმეტეს პირველი კურსიდან, მათი დიდი ნაწილი რჩება საცხოვრებლად საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია?

თუმცა ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქმნით, მანდაც შეიძლება თავისუფლად გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება, თუ არა და ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend