ევროკომისიამ უკრაინას მოუწოდა, დააჩქაროს მილსადენ „დრუჟბის“ სარემონტო სამუშაოები, რათა ბუდაპეშტთან ენერგეტიკულ საკითხთან დაკავშირებული ვითარება განიმუხტოს.
უნგრეთის ორმაგ ვეტოს კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დაბლოკვა მოჰყვა.
ამავდროულად, „ადრიას“ მილსადენი, იგივე JANAF, რომელიც ხორვატიაში იწყება, შესაძლოა, ალტერნატიული მარშრუტი იყოს იმისთვის, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ნავთობის შეუფერხებლად მიღება განაგრძონ.
მილსადენის ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული ენერგეტიკული ცენტრი და ცენტრალური ევროპის ერთადერთი უსაფრთხო ნედლი ნავთობის მიწოდების მარშრუტი, JANAF მზადაა, დააკმაყოფილოს სლოვაკეთისა და უნგრეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წლიური საჭიროება.
მსგავს დასკვნამდე მივიდნენ ბრიუსელშიც, სადაც ყველა წევრი სახელმწიფოს ტექნიკური ექსპერტები სპეციალურად „დრუჟბასთან“ დაკავშირებული დავის განსახილველად შეიკრიბნენ.
„არსებობს მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ უნგრეთსა და სლოვაკეთს. ეს არის მილსადენი „ადრია“ ხორვატიიდან. შეხვედრაზე ხორვატიამ დაადასტურა, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს უკვე მიეწოდება არარუსული ნედლი ნავთობი „ადრიას“ მილსადენის მეშვეობით“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ანა-კაისა იკონენმა.
მიუხედავად იმისა, რომ მილსადენ „ადრიას“ საკმარისი სიმძლავრე აქვს უნგრეთის და სლოვაკეთის ნავთობის წლიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ორივე ქვეყანა დაჟინებით მოითხოვდა მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით შემოსული უფრო იაფი რუსული ნედლი ნავთობის მიღების უფლებას.
კომისიის ცნობით, ხორვატიაში მუშაობენ იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა მას ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების პირობებში კანონიერად მიიღოს რუსული ნედლი ნავთობი თავის პორტში, თუმცა ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული.
უკრაინულ მხარეს 25 თებერვალს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია თუმცა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აქტიურად ასრულებენ სარემონტო და აღდგენით სამუშაოებს. ამ დოკუმენტის წაკითხვა ევრონიუსმაც შეძლო.
„დრუჟბის“ მილსადენთან დაკავშირებულმა დავამ და უნგრეთის ვეტოებმა დიდწილად დაჩრდილა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, კიევში ვიზიტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მილსადენ „დრუჟბაზე“ რუსეთის თავდასხმებმა პირდაპირი გავლენა იქონია ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ამიტომ უკრაინულ მხარეს მოუწოდა, რომ მილსადენ „დრუჟბის“ შეკეთება დააჩქაროს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რემონტის დასრულების თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ადგილზე არსებული რისკების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
გასულ კვირას ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ უკრაინაში დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ განაცხადეს. ბრატისლავამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს.
ქვეყნებს შორის წარმოქნილმა უთანხმოებამ ბრიუსელი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
ერთი მხრივ, კომისია ვალდებულია, დაიცვას ყველა წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. მეორე მხრივ, ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სწრაფად მიაწოდოს უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები დეკემბერში შეთანხმდნენ.

