კატეგორიები
ინდოეთში ავიაკატასტროფას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ინდოეთში ავიაკატასტროფას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აღმოსავლეთ ინდოეთში უღრან ტყეში სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი შვიდივე პირი დაიღუპა. როგორც ინდოეთის ავიაციის ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Redbird Airways-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა ჯარხანდის შტატის დედაქალაქ რანჩიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში კონტროლი დაკარგა. შტატის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ თვითმფრინავმა ცუდ ამინდში ტურბულენტურ ზონაში გავლის შემდეგ მართვა დაკარგა. თვითმფრინავით დამწვრობის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ნიუ-დელიში შესაბამისი სამედიცინო დახმარებისთვის გადაჰყავდათ. ბორტზე იმყოფებოდა ასევე ექიმი, გადაუდებელი სამსახურის მედიკოსი და ოჯახის ორი წევრი. თვითმფრინავს ორი პილოტი მართავდა. თვითმხილველების თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ტყიანი ტერიტორიიდან კვამლი დაინახეს. მომხდარის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინეს ხელისუფლებას. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილას. „დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე ჩვენს სოფელში, სახლის წინ, ვისხედით. სწორედ მაშინ გავიგეთ აფეთქების ხმა. ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა ჭექა-ქუხილი ყოფილიყო, რადგან წვიმდა. ორსაათიანი ძებნის შემდეგ ჯერ ერთ-ერთი ფრთა ვიპოვეთ, შემდეგ დამწვრობის სუნიც ვიგრძენით და ადგილზე რომ მივედით, შვიდი ადამიანის ცხედარი დავინახეთ.“ - განაცხადა თვითმხილველმა პავან იადავმა. სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის განცხადებით, ავარიის მიზეზების დასადგენად და გამოსაძიებლად ავიაკატასტროფების გამოძიების ბიუროს ჯგუფი გაიგზავნა. ინდოეთში სასწრაფო დახმარების თითმფრინავებს ხშირად იყენებენ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების პატარა ქალაქებიდან დიდ სამედიცინო ცენტრებში გადასაყვანად. ინციდენტის გამო საზოგადოება შეშფოთებულია, რადგან არახელსაყრელი ამინდის პირობებში, განსაკუთრებით რთული რელიეფის რეგიონებში, ავიაციის უსაფრთხოების ნორმების დაცვა საკმაოდ რთულია. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ დასავლეთ ინდოეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.