უნგრეთმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება უკვე დაიწყო. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები მომდევნო 2 კვირის განმავლობაში უნდა შეხვდნენ. ბუდაპეშტში შეხვედრის იდეა ვაშინგტონს ეკუთვნის, რათა ევროპაში მიმდინარე ომის ევროპაშივე დასრულება სცადონ.
ნატოსა და ევროკავშირის წევრი უნგრეთი განსხვავებული მოთამაშეა, ის ვაშინგტონთანაც ახლოსაა და რუსეთთანაც. წინააღმდეგობაში ყველაზე მეტად სწორედ ევროპულ ბლოკთან მოდის, რომელიც მისგან განსხვავებით უკრაინის დახმარებასა და რუსეთის სანქცირებას ემხრობა. პრემიერი ვიქტორ ორბანი თვლის, რომ სწორედ ამ პოზიციებმა აქცია ბუდაპეშტი ერთადერთ ადგილად, სადაც ლიდერებს შეეძლოთ შეხვედრილიყვნენ.
„მათ სამიტის ჩატარება ევროპაში სურდათ. მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომი სწორედ ევროპაში მიმდინარეობს. გადახედეს რუკას, ლიდერებს და მალევე ნათელი გახდა, რომ ბუდაპეშტი ევროპაში დღეს რეალურად ერთადერთი ადგილი იქნებოდა, სადაც ამგვარი შეხვედრის გამართვაა შესაძლებელი. სამი წლის მანძილზე ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, ვინც ღიად, ხმამაღლა და აქტიურად უწევდა ადვოკატირებას მშვიდობას. ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ ომი ცუდია, მაგრამ ეს არაა მიზეზი დიპლომატიური არხების დახურვისთვის. ევროკავშირის სურათს რომ გადახედოთ, იქ ყველა ომის მომხრეა – ჩვენ გარდა. მე ვთვლი, რომ ევროპელებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი – მოლაპარაკებები აწარმოონ რუსეთთან“, -აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
I just got off the phone with President @realDonaldTrump. Preparations for the USA-Russia peace summit are underway.
Hungary is the island of PEACE!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 16, 2025
უნგრელი ლიდერი უკვე ესაუბრა, როგორც დონალდ ტრამპს, ისე ვლადიმერ პუტინს. მოუთმენლად ელის, თუ როდის ჩაფრინდება ორი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი მისი ქვეყნის დედაქალაქში. ბრიუსელში ამბობენ, რომ სანქციების მიუხედავად ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს ევროპაში შესვლა არ ეკრძალებათ. ამასთან ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. „ამის მიუხედავად ბუდაპეშტი მას პატივისცემით დახვდება” – ამბობენ მასპინძლები.
„რა თქმა უნდა, ჩვენ აქ, უნგრეთში, ბუდაპეშტში მზად ვიქნებით, უზრუნველვყოთ ყველა შესაბამისი პირობა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებისთვის, რათა მათ შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში. უნგრეთი ეს არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო მსოფლიოში, ამიტომ თუ სადმე უნდა ტარდებოდეს ლიდერების შეხვედრა, ეს აქ უნდა იყოს… რა თქმა უნდა, ჩვენ პატივისცემით მივიღებთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ის ეწვიოს უნგრეთს, წარმატებით ჩაატაროს მოლაპარაკებები და შემდეგ დაბრუნდეს სამშობლოში. არავისთან არის საჭირო კონსულტაციები. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. აქ ჩვენ პატივისცემით მივიღებთ ვლადიმერ პუტინს, შევუქმნით მას შესაბამის პირობებს ამერიკის პრეზიდენტთან სასაუბროდ…უკვე სამწელიწად-ნახევარია, ჩვენ მშვიდობისკენ მივისწრაფვით, ჩვენ გვსურს მშვიდობა, რათა უნგრელმა ხალხმა შეძლოს უსაფრთხოდ ცხოვრება. თუკი მეზობელ სახელმწიფოში ომია, ეს ყოველდღიური საფრთხეა. გვინდა, რომ უნგრელმა ხალხმა უსაფრთხოდ იცხოვროს და ამისთვის გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში“, – აღნიშნავს ქვეყნის პირველი დიპლომატი.
შეხვედრამდე კი იყო სატელეფონო საუბარი, რომელიც რუსეთსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. მხარეებმა ის შინაარსიანად და გულწრფელად შეაფასეს. ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის განხილვისას, კრემლმა თეთრ სახლს უთხრა, რომ ამ დროისთვის სტრატეგიული უპირატესობა მათ ხელშია. კიდევ ბევრი რამ ითქვა, მათ შორის მომდევნო შეხვედრისთვის საჭირო სამზადისზეც.
„შეხვედრის თაობაზე ნება ორივე პრეზიდენტის მხრიდან არსებობს, დასაწყისისთვის საუბარი მიდის იმაზე, რომ საკითხების დამუშავებას დაიწყებენ სახელმწიფო მდივანი რუბიო და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, ჯერ ერთმანეთს დაურეკავენ, შემდგომ კი შეხვდებიან, რათა ყველა საკითხი განიხილონ. საკითხი კი ბევრია – უნდა განისაზღვროს მომლაპარაკებელთა ჯგუფები, ამიტომ ეს ეტაპობრივად წარიმართება.
ნამდვილად შეიძლება 2 კვირის მანძილზე მოხდეს, ან უფრო გვიან. არსებობს საერთო გაგება, რომ გადადება არ ღირს. ვხედავთ, ვინ და როგორ ცდილობს კიევის რეჟიმს ომი გააგრძელებინოს და გადააფიქრებინონ სამშვიდობო გზებზე გადასვლა. ეს ევროპული ქვეყნებია, რომლებიც თანხმდებიან მილიტარისტულ ამბიციებზე. უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ამასთან მას განსაკუთრებული პოზიცია აქვს სუვერენიტეტისა და საკუთარი ინტერესების გატანის მხრივ და ეს იმსახურებს ლიდერების პატივისცემას”, – ამბობს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
მთავარი კი, რაც მოსკოვმა ვაშინგტონს უთხრა ის იყო, რომ ფრთოსანი „ტომაჰავკების” კიევისთვის გადაცემის იდეას არ ემხრობიან, რადგან ეს ფრონტის ხაზზე ვერაფერს შეცვლის, ორმხრივ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პროცესს კი მნიშვნელოვნად დააზიანებს. ამას დაჟინებით ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ხვდება.
ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა არაერთი შეხვედრა გამართა ამერიკულ თავდაცვით კომპანიებთან, რომლებიც უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ამერიკულ შეიარაღებას აწარმოებენ, მათ შორის პეტრიოტებს. შეხვედრა შედგა ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებთანაც. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კიევი მკაცრი სეზონისთვის მომზადებას იწყებს. ზელენსკის მთავარი ამოცანა ახლა კიევში დაბრუნებაა „ტომაჰავკებით”, რომლებიც საშუალებას მისცემს კიევს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმები განახორციელოს. სწორედ ეს იქნება ცენტრალური საკითხი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრაზე, რომელიც თეთრ სახლში 17 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
