კატეგორიები

„ჰანსენის სოფელი“ – უსაფრთხო თავშესაფარი უკრაინელი დევნილებისთვის

„ჰანსენის სოფელი“ – უსაფრთხო თავშესაფარი უკრაინელი დევნილებისთვის

რუსული აგრესია კვლავ აიძულებს უკრაინელებს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დატოვონ – სახლიდან შორს წავიდნენ და იპოვონ ადგილი, სადაც თავის შეფარებას შეძლებენ. ასეთი თავშესაფრები გადატვირთულია და არც გზა ჩანს საცხოვრისთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად.

ამ პირობებში „ჰანსენის სოფელი“ იქცა არაერთი დევნილის სახლად. კიევის გარეუბანში აშენებული ეს დასახლება იძულებით გადაადგილებულ 2 000 უკრაინელს სთავაზობს სტაბილურ და უსაფრთხო საცხოვრებელს. აქვე მათთვის ხელმისაწვდომია კლინიკა, სკოლა და სხვადასხვა რეკრეაციული თუ გასართობი სივრცეც.

უსაფრთხო თავშესაფარი სწორედ „ჰანსენის სოფელში“ იპოვა 16 წლის მიკიტა ბოგომოლმა. ახლა იგი ამ დასახლების ბავშვთა თავშესაფარში შვიდ სხვა მოზარდსა და ორ ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

მიკიტა ბოგომოლი მუშაობის პროცესში, „ჰანსენის სოფელი”, უკრაინა, 2 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Evgeniy Maloletka

„როდესაც უკრაინულმა არმიამ ხერსონი გაათავისუფლა, რუსმა სამხედროებმა ადგილობრივების დახოცვა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. როცა რუსებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, ძალიან საშიში იყო. ბევრი ადამიანი დაიღუპა, ძალიან ბევრი. ზოგი ცხედარი ხეზე იპოვეს, ზოგი უბრალოდ ღობეზე და მერე ყველა ამ ადამიანს, ძაღლებთან ერთად დიდ ორმოში აგდებდნენ და ერთად მარხავდნენ. ოკუპაციის დროს ძალიან საშიში იყო. ძალიან მიხარია, რომ წამოვედი იქიდან“, – ამბობს მიკიტა ბოგომოლი, დევნილი ხერსონიდან.

„ჰანსენის სოფელი“ სახლად იქცა ოჯახებისა და მათთვისაც, ვინც ომს მარტო გამოექცა.

„ახლა დავმშვიდდით. ბავშვებიც დამშვიდდნენ, რადგან თავზე ჭერი გვაქვს. ჩვენი სახლი არა მხოლოდ დანგრეულია, არამედ დატბორილიც. და რაც არ დაიტბორა – ახლა იწვის. იქ ნანგრევებია. იმის წყალობით, რომ აქ მოვხვდით, ცხოვრებას ვაგრძელებთ. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ მომავალში, რა იქნება შემდეგ… სახლი არ გვაქვს – არ გვაქვს ადგილი, სადაც დავბრუნდებით. აქ ვიქნებით მანამ, სანამ შევძლებთ“, – ნატალია როჟკოვა, დევნილი ხერსონიდან.

ეს დასახლება ამერიკელი ქველმოქმედის, დელ ლოი ჰანსენის ინიციატივით აშენდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან მან 140 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა სახლების აშენებასა და აღდგენაში.

ამერიკელი ქველმოქმედის, დელ ლოი ჰანსენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, კიევი, უკრაინა, 30 ივნისი, 2024 წელი Copyright Press Service of The President of Ukraine via AP

ახლა 72 წლის დელ ლოი ჰანსენი უკრაინაში ათზე მეტ პროექტს ხელმძღვანელობს. იგი ჰანსენის სოფლის გაფართოებასაც ცდილობს და უკრაინულ ოჯახებს ფინანსურადაც ეხმარება.

„72 წლის ვარ და არასდროს განმიცდია ისეთი გულწრფელი სიხარული, რომელსაც მაშინ განვიცდი, როცა ვმუშაობ ჩემს უკრაინელ ძმებსა და დებთან, რომლებმაც დიდი ტანჯვა გაიარეს“, – ამბობს დელ ლოი ჰანსენი.

„ჰანსენის სოფელი მხოლოდ საცხოვრებელი არ აირის – აქ არის კლინიკა, საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა. დაახლოებით 70 მაცხოვრებელი სოფელში მუშაობს. ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობენ და ამავე საზოგადოებისგან ყველა საჭირო დახმარებას იღებენ. ჩვენ მათ საცხოვრებლის პოვნაში ვეხმარებით – ვეხმარებით ოჯახებს, რომ თავი კვლავ უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნონ და ჰქონდეთ უკეთესი მომავლის რწმენა საკუთარი შვილებისთვის“, – ამბობს ნატალია ზუბჩენკო, ჰანსენის უკრაინული მისიის აღმასრულებელი დირექტორი.

გაეროს მონაცემებით, ომმა თითქმის ყოველი მესამე უკრაინელი აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. 4 500 000 ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია, როგორც ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი.

სამწლიანი ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციის საჭიროებები 524 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. უკრაინის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების 13%-ზე მეტი ახლა განადგურებული ან დაზიანებულია.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები