მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

ჟაკ-ლუი დავიდის ამბიციური რეტროსპექტივა ლუვრში, დოკუმენტური სერიალი მარტინ სკორსეზეზე და “შავი ტელეფონი 2” – მოემზადეთ, იწყება საშიში კინოს სეზონი.  ამ კვირაში ბევრი რამ გელით.

ჩვენთან ისევ კულტურული რეკომენდაციების დროა.

სალვადორ დალის შემოქმედება, ჟაკ-ლუი დავიდის რეტროსპექტივა და Blumhouse-ის საშინელებათა ფილმი “შავი ტელეფონი“ – ეს ყველაფერი შემეცნებითიცაა, თუმცა ამავე დროს შიშსაც გგვრის.

დაისხით რაიმე ცხელი სასმელი, მოდუნდით და დაიწყეთ კალენდრის შევსება.

გამოფენები

ჟაკ-ლუი დავიდის რეტროსპექტივა

David, Les Sabines © GrandPalaisRmn (musée du Louvre)

ჟაკ-ლუი დავიდის ნეოკლასიკური ნამუშევრები არა მარტო შთამბეჭდავია, არამედ ჩვენი კულტურული ცნობიერების ნაწილიცაა, რადგან ვეცნობით საფრანგეთის რევოლუციასა და ნაპოლეონის იმპერიას. ჟაკ-ლუი დავიდი თავადაც პოლიტიკური ფიგურა იყო, შესაბამისად,  მისი ნახატები  შთაგონებული იყო იმპერიული მელოდრამით და ასახავდა მე-18 საუკუნის საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებას.

მისი გარდაცვალებიდან ორასი წლის აღსანიშნავად ლუვრი, სადაც დავიდის ყველაზე დიდი კოლექცია ინახება, მასპინძლობს ახალ გამოფენას, რომელიც მოიცავს მთელ მის შემოქმედებით და პოლიტიკურ გზას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აგრეთვე 100 ნამუშევარი სხვადასხვა კოლექციიდან, მათ შორის მისი შედევრის – „მარატის სიკვდილის“ – ორიგინალიც. გამოფენა ლუვრში  15 ოქტომბრიდან 26 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

დალი: რევოლუცია და ტრადიცია

რომის კორსოს მუზეუმში გამართული გრანდიოზული ახალი გამოფენა ესპანელი სიურრეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის, მიერ შექმნილ  60-ზე მეტ ნამუშევარს წარმოადგენს. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა მთელ მის შემოქმედებით გზას. ყურადღება გამახვილებულია რევოლუციისა და ტრადიციის თემებზე – ტრადიცია განსაკუთრებით ვლინდება მის სიყვარულში ისეთი დიდოსტატების მიმართ, როგორებიც არიან ვერმეერი და რაფაელი. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა დალის პაბლო პიკასოსადმი – იგი მასში აღფრთოვანებასაც იწვევდა  და, ამავდროულად,  მეტოქედაც მიაჩნდა.  გამოფენა 17 ოქტომბერს დაიწყება და პირველ თებერვლამდე გასტანს.

ედვარდ ჯორჯი: „შავი ატლასი“

1990-იანი წლების ბოლოს ლონდონის ვორბურგის ინსტიტუტს გადაეცა არქივი, სახელწოდებით „ფერადკანიანის სახე“. მასში დაცულია  30,000-ზე მეტი ფოტო, ასევე ხელოვნებისა და არტეფაქტების კრებული, რომელშიც გამოსახული არიან აფრიკული წარმოშობის პირები. ეს კოლექცია წარმოადგენს კულტურული ისტორიის დოკუმენტაციას და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ედვარდ ჯორჯის უახლეს ნამუშევარზე. მულტიდისციპლინური ხელოვანი და Black Audio Film Collective-ის დამფუძნებელი წარმოგვიდგენს ფილმ „შავ ატლასს“, რომელშიც იყენებს ვორბურგის არქივში დაცულ ვიზუალურ მასალას, რათა დროისა და აღქმის შეუთავსებლობის საკითხი წარმოაჩინოს.  გამოფენა 2026 წლის 17 იანვრის ჩათვლით იმართება.

ღონისძიებები

ჩელტნემის ლიტერატურული ფესტივალი

მსოფლიოში უძველესი ლიტერატურული ფესტივალი 400-ზე მეტი ღონისძიებით დაბრუნდა. ფესტივალს დაესწრებიან ჯოანა ლამლი და ველოსიპედისტი მარკ კავენდიში, რომლებმაც ახალი წიგნები გამოსცეს. ფესტივალი ჩატარდება ჩელტნემში, სხვადასხვა ადგილას, სადაც გაიმართება პოეზიის სამუშაო სესიები, საჯარო კითხვა, ასევე კომედიური და მუსიკალური წარმოდგენები.

ლიტერატურის გარდა, განხილული იქნება სხვა თემებიც, მათ შორის სპორტის, კინოს, პოლიტიკისა და სხვა.  სიტყვით გამოვლენ  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. გპირდებით, რომ ფესტივალს დატოვებთ შთაგონებული, გამდიდრებული ცოდნით და ისეთი განცდით, როგორიც კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ გეუფლებათ. იმედია, სახლში ახალ წიგნებსაც წამოაყოლებთ.

ფილმები

„შავი ტელეფონი 2“


.

კინოეკრანებზე 2021 წელს გადაღებული Blumhouse-ის გაგრძელება ბრუნდება, რომელშიც მთავარ როლს ეთან ჰოუკი ასრულებს. იგი მტაცებელი, ბავშვების მკვლელია. პერსონაჟი სახეს მალავს  ნიღბით, რომელზეც საშიშკბილებიანი ღიმილია გამოსახული. შავი ტელეფონის საშუალებით ის ადამიანები, რომლებიც ადრე მის მსხვერპლად იქცნენ, უკავშირდებიან მათ,  ვინც ამჟამადაა საფრთხეში. 15 წლის გვენი (მედლინ მაკგროუ) ახალი ადრესატია. შემაშფოთებელი ხილვებისგან შეწუხებული ის ძმასთან (მეისონ ტემზი) ერთად ბანაკში მიემგზავრება, რათა საეჭვო კითხვებზე იპოვოს პასუხი. წინასწარ მხოლოდ ერთ რამეს გაგანდობთ: მათ კარგი ამბები ნამდვილად არ  ელით. ფილმი ევროპის კინოთეატრებში 17 ოქტომბერს გამოვა.

სატელევიზიო სერიალები

იცოდით, რომ მარტინ სკორსეზეს ეშინია  რიცხვი 11-ის? მას სურდა,  მღვდელი გამხდარიყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ  კინოს გადაღება უფრო აინტერესებდა.  ცნობილ რეჟისორს საკმაოდ საინტერესო ცხოვრება და კარიერა აქვს, რომლის დეტალებიც ახალ ხუთსერიან დოკუმენტურ სერიალში იშლება.


.

თავდაპირველად პროექტი სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ითვალისწინებდა. თუმცა მასალა იმდენად მდიდარი აღმოჩნდა, რომ სერიალის გადაღება გადაწყდა. ახალ სერიალში მის შესახებ ყველაფერი იქნება, დაწყებული მისი პირველი ფილმით Who’s That Knocking at My Door, დამთავრებული  2023 წლის ოსკარზე წარდგენილი  Killers of the Flower Moon-ით.

სკორსეზეს თაყვანისმცემლებისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ნახონ კულისებს მიღმა განვითარებული ამბები და ბევრი ცნობილი სახე — მათ შორის რობერტ დე ნირო, სტივენ სპილბერგი, მიკ ჯაგერი და სხვები!

მუსიკა

Tame Impala: Deadbeat


.

Tame Impala — ავსტრალიელი მუსიკოსი, კევინ პარკერი  მეხუთე სტუდიური ალბომით ბრუნდება. ალბომის ერთ-ერთი სიმღერა Dracula ჰელოუინს გვახსენებს.  ერთი შეხედვით, თითქოს დამთრგუნველია, თუმცა გპირდებით, ამ სიმღერაზე ცეკვით ნამდვილად დაძლევთ შიშს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend