კატეგორიები

აშშ-ის სენატში კვლავ ჩავარდა კენჭისყრა ბიუჯეტის დასამტკიცებლად

აშშ-ის სენატში კვლავ ჩავარდა კენჭისყრა ბიუჯეტის დასამტკიცებლად

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის გასაახლებლად სენატში ჩატარებული კენჭისყრა კვლავ ვერ შედგა. 14 ოქტომბერს ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებითი ხარჯების შემცირების შესახებ ინიციატივა ისევ ვერ მიიღეს, რადგან ხმა მხოლოდ 49 წევრმა მისცა.

კენჭისყრა გაიმართა ბიუჯეტის დასამტკიცებლადაც, თუმცა კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა ვერ შეგროვდა. „დემოკრატიული პარტია“ კვლავ მოითხოვს კანონპროექტში ჯანდაცვისა და სადაზღვევო ბარათების სუბსიდიებისთვის ხარჯების გამოყოფას.

„თუ ამერიკელებს სურთ, გაიგონ, როგორ არ აინტერესებს დონალდ ტრამპს ჯანდაცვის საკითხები, ნახონ, რას აკეთებს ის დღეს ოვალურ კაბინეტში. მისმა ადმინისტრაციამ არგენტინის დასახმარებლად გადასახადების გადამხდელთა მიერ გაღებული 20 მილიარდი დოლარი იმ დროს დაამტკიცა, როცა მთავრობას მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. თუ ამ ადმინისტრაციას უცხოური მთავრობისთვის 20 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი, როგორ შეუძლიათ, თქვან, რომ არ აქვთ ფული მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ხარჯების შესამცირებლად?“ – განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა პირველ ოქტომბერს შეწყვიტა. ასობით ათას დასაქმებულს არაანაზღაურებად შვებულებაში გასვლა მოუწია, შეერთებული შტატების მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს, სამთავრობო სერვისებზე წვდომა არ აქვთ.

მიუხედავად რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის აშკარა კონფლიქტისა, წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს, რესპუბლიკელ კოლეგებთან მოლაპარაკება სურს.

„ტრამპისა და რესპუბლიკელების მიერ ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების მე-14 დღეა. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დემოკრატები კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, რომელიც მთავრობის მუშაობის განახლების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე უნდა შევთანხმდეთ ხარჯებზე, რომლებიც რეალურად დააკმაყოფილებს ამერიკელი ხალხის საჭიროებებს და მოაგვარებს რესპუბლიკელების მიერ შექმნილ ჯანდაცვის კრიზისს. მზად ვართ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შევხვდეთ ჩვენს რესპუბლიკელ კოლეგებს, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადგილი კაპიტოლიუმში იქნება თუ ოვალურ კაბინეტში. თუმცა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელები ჩუმად არიან. დონალდ ტრამპმა მეტი დრო გოლფის მოედანზე გაატარა, ვიდრე კაპიტოლიუმის ბორცვზე დემოკრატებთან საუბარში“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის წინ მოქალაქეებმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა შეკრებაც მოაწყვეს. ისინი გმობენ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას და მოუწოდებენ, ხალხის რეალური პრობლემები გაითვალისწინონ.

თუმცა „რესპუბლიკურ პარტიაში“ განსხვავებული პოზიცია აქვთ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, მოსალაპარაკებელი არაფერია და თუ დემოკრატებს საუბარი სურთ, ჯერ მთავრობის მუშაობის აღდგენას უნდა დასთანხმდნენ.

ვითარებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. იგი აპირებს ყველა იმ პროგრამის გაუქმებას, რომლებიც დემოკრატებს მოსწონთ. მისი თქმით, „დემოკრატიულ პარტიაში“ არეულობაა და არც კი იცის, ვისთან უნდა გამართოს მოლაპარაკება.

„დემოკრატებს გზა აებნათ. მათ ლიდერი არ ჰყავთ. ისიც კი არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, ვის ვესაუბროთ. თავადაც არ იციან, რას აკეთებენ. რესპუბლიკელებმა არაერთხელ მისცეს ხმა სუფთა და არაპარტიული კანონპროექტის მიღებას, რომელიც მთავრობის მიერ მუშაობის განახლების საშუალებას იძლევა. ჩვენ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს. დემოკრატები ამას ხელკეტად იყენებენ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ფედერალურმა მთავრობამ უკანასკნელად მუშაობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 წლის ბოლოს, 35 დღით შეწყვიტა.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები