მთავარიევროპაუკრაინაშეძლებს ტრამპი კიდევ ერთი ომის დასრულებას? - კიევში იმედი აქვთ, რომ კი

შეძლებს ტრამპი კიდევ ერთი ომის დასრულებას? – კიევში იმედი აქვთ, რომ კი

ახლო აღმოსავლეთის შემდეგ დონალდ ტრამპის ფოკუსი ევროპისკენ ინაცვლებს. წარმატებული დიპლომატიის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს, სრულად უკრაინის საკითხს მიეძღვნას, რათა ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე გაკეთებული დანაპირები შეასრულოს და კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს.

„პირველ რიგში რუსეთის საკითხი უნდა ამოვწუროთ, ჩვენ ამას დავასრულებთ. მოდით, ჯერ უკრაინაზე ვფოკუსირდეთ”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ქნესეთში გამოსვლისას.

ნობელის პრემიაზე მშვიდობისმყოფელის როლის გასამყარებლად დონალდ ტრამპს დაწყებულის დასრულება ესაჭიროება. მას შემდეგ, რაც რუს კოლეგას ალასკაში შეხვდა, სამშვიდობო პროცესი გაიყინა. ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს ამბობს, ომი კი სულ უფრო მწვავდება. დღეს ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო ხარკივზეც, სადაც 7 ადამიანი დაშავდა. ამ და სხვა საკითხებზე უკვე პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას დაელაპარაკება. ვოლოდიმირ ზელენსკის დელეგაცია ვაშინგტონში მიფრინავს.

„ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულდა, მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ გაჩენილი შესაძლებლობა, რომ მშვიდობა წინ წავწიოთ. ევროპაში ომის დასრულებაც შესაძლებელია, ამაში კი აშშ-ისა და სხვა პარტნიორების ლიდერობა უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია წარმატებას საჭირო ნაბიჯების გადადგმით, რათა უზრუნველეყო ტყვეების გაცვლა და ომის დამთავრება ღაზაში. უდავოა, რომ აშშ-ის სწორი ნაბიჯები შესაძლოა დაეხმაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას. ჩვენ ამის თაობაზე თანმხვედრი ხედვები გვაქვს. რუსეთს უნდა წავართვათ შესაძლებლობა, გააგრძელოს ომი და ტერორი – ეს კი ყველაზე სანდო საფუძველი შეიძლება გახდეს ჩვენს რეგიონში მშვიდობისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს ყველაზე მეტად „ტომაჰავკების” ამბავი აინტერესებს. შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების კიევისთვის მიცემა ამერიკელმა პრეზიდენტმა უკვე დაუშვა, თუმცა ისიც თქვა, რომ ეს რუსეთისთვის კარგი სულაც არ იქნება და აგრესიის ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშანი იქნება. ამით მოსკოვს ერთგვარი მოსაფიქრებელი დროც მისცა. კრემლში შეშფოთდნენ, უფრო მეტად მოეწონათ ტრამპის ბოლო განცხადება, რომელიც უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მუშაობის გააქტიურებას გულისხმობს სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ ვიტკოფთან ერთად, რომელიც მოსკოვისთვის კარგადაა ნაცნობი.

„რუსეთი მიესალმება ამგვარ განზრახვებს. მივესალმებით პოლიტიკური ნების დადასტურებას იმისათვის, რომ ყველანაირად შევუწყოთ ხელი სამშვიდობო რეგულაციების გზების პოვნას. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბატონ ვიტკოფს, ის ეფექტურია და ეს ახლო აღმოსავლეთშიც აჩვენა. იმედია, რომ მისი ნიჭი მომავალშიც შეუწყობს ხელს უკვე უკრაინულ მიმართულებას. რუსული მხარე ინარჩუნებს ღიაობას მშვიდობიანი დიალოგის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის გავლენა და პრეზიდენტი ტრამპის დესპანთა დიპლომატიური ოსტატობა უბიძგებს უკრაინის მხარეს მეტი აქტიურობისა და მზაობისკენ სამშვიდობო პროცესში“, – ამბობს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი მედიის კითხვის პასუხად.

უკრაინელებს რუსეთის არ სჯერათ და ფაქტებზე ორიენტირებას ამჯობინებენ. კრემლის პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელიან. თუმცა ცდილობენ ომის დასრულების იმედი არ დაკარგონ. ახლო აღმოსავლეთის ინერციით მშვიდობის მიღწევის იმედი გამოთქვეს ევროპელებმაც. მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის გავლენა ამ საქმეში სერიოზული ფაქტორია და შექმნილი შესაძლებლობა სრულად უნდა იყოს გამოყენებული.

„რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა, კარგი ამბავია. ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთშიც და,  რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს დაეხმარება ევროპას. რათა მოიტანოს მშვიდობა ამ საშინელი აგრესიული ომის შემდეგ, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და რომელიც ახლაც გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ შექმნილ შესაძლებლობას გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

„ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასასრულებლადაც ისეთივე ზეგავლენას მოახდენს რუსეთის მთავრობაზე, როგორიც ახლო აღმოსავლეთის აქტორებზე იქონია, რათა ღაზაში ომი შეეჩერებინა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე სამ წელიწად-ნახევარია რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს აქედან სულ ახლოს. მინდა, ეს დღე გამოვიყენო, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ომის დასასრულებლად. ამ ადგილიდან მოდის გზავნილი, რომ თუ მსოფლიო საზოგადოება ერთად დგას, ეს შესაძლებელია. მაგრამ ეს არა მხოლოდ აქ, არამედ სხვა რეგიონებშიც უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენთვის, ევროპელებისთვის, ევროპაში მიმდინარე ომია ყველაზე დიდი საფრთხე თავისუფლებისთვის. ამიტომაც, დღეს ამ დიდებული შეხვედრის ფარგლებში ჩვენ იმასაც განვიხილავთ, თუ რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ ომის დასრულებაში”, – თქვა შარმ ელ-შეიხში გერმანელმა კანცლერმა.

აშშ-ის ძალისხმევის მიუხედავად ჯერჯერობით გარღვევა რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ არ ყოფილა, თუმცა ბევრი იყო საუბარი და შეხვედრები. ბუნდოვანია, გაიმეორებს თუ არა ტრამპი დიპლომატიურ წარმატებას უკრაინაში, ომში, რომლის დასრულება, როგორც ამბობს, მუდამ იოლი ეგონა და ყველაზე რთული აღმოჩნდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend