13 სექტემბერს, ღაზაში ასეულობით პალესტინელი პატიმარი დაბრუნდა. ისრაელის ციხეებიდან 1900-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლდა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ღაზაში გატაცებული 20 ცოცხალი მძევალი დაუბრუნა ისრაელს.
ახლადგათავისუფლებული პატიმრები ხან-იუნისში ავტობუსებით ჩაიყვანეს, სადაც მათ ათასობით თანამოქალაქე ელოდა. ისინი გამამხნევებელი შეძახილებით გააცილეს ნასერის საავადმყოფომდე. ბევრ მათგანს პირველადი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
„ეს ენით აღუწერელი გრძნობაა. მზის დანახვა გისოსების გარეშე შეუდარებელი შეგრძნებაა. ხელბორკილები აღარ მადევს. სიტყვებიც კი არ მყოფნის. თავისუფლება ფასდაუდებელია”, – ამბობს გათავისუფლებული პალესტინელი პატიმარი, საედ შუბეირი.
ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები უმძიმესი პირობების შესახებ საუბრობენ.

„ციხე ძალიან, ძალიან ცუდი იყო. ჩაგვრა და ცემა, ურთულესი მდგომარეობა იყო. არც საკვები და არც სასმელი. ოთხი დღეა არაფერი მიჭამია“. – აცხადებს გათავისუფლებული პალესტინელი პატიმარი, იასინ აბუ ამრა,
„ღმერთს მადლობა, ეს შესანიშნავი გრძნობაა. ჩვენ სასაკლაოში ვიყავით და არა ციხეში. ბევრი ახალგაზრდა დარჩა იქ. ისრაელის ციხეებში ვითარება ძალიან რთულია. ლეიბებიც კი არ არის. ლეიბებს გვართმევდნენ. საკვებთან დაკავშირებითაც უმძმესი მდგომარეობა იყო“, – აცხადებს ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული პალესტინელი პატიმარი, აბდალა აბუ რაფე.
პალესტინელი პატიმრების გათავისულება დაახლოებით იმ დროს მოხდა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შემდეგ მშვიდობის შენარჩუნებაზე ეზრუნა.
შეთანხმებამ, რომელმაც მისი თქმით, ფაქტობრივად დაასრულა ისრაელ-ჰამასის ომი და ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის ახალი შესაძლებლობა გააჩინა. ტრამპმა მოგვიანებით, ეგვიპტეში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმა და ომის შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

