შენგენის ზონაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 12 ოქტომბერს ელექტრონული შესვლა-გასვლის სისტემა ამოქმედდა.
ევროკავშირის ახალი რეგულაცია ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტებში უკვე ამოქმედდა. ერთ-ერთი რომის „ფიუმიჩინოს“ აეროპორტია, სადაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ე.წ. „ჯიხურებში“ შესაბამისი ბიომეტრიული და პერსონალური ინფორმაციის გაცემა დასჭირდებათ.
აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის ხელმძღვანელი, ანტონელა მაროტა ბიომეტრიული კონტროლის სისტემის დანერგვას „გარდამტეხ ისტორიულ მოვლენად“ აფასებს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ისტორიული და გარდამტეხი მომენტია იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეების სასაზღვრო კონტროლის კუთხით, რომლებიც გათავისუფლებული არიან სავიზო კონტროლისგან ან აქვთ მოკლევადიანი ვიზები – 90 დღიდან 180 დღემდე. ისინი ქვეყანაში ავტომატურ საკონტროლო პროცედურას გაივლიან. რას მოიცავს ეს კონტროლი? წინასწარ რეგისტრაციას ე.წ. „ჯიხურებში“. ანუ ვსაუბრობს სრულ ავტომატიზაციაზე, რომელიც შეაგროვებს მგზავრის ყველა ბიომეტრიულ და პერსონალურ მონაცემს, ასევე, სახისა და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ მონაცემებს“, – განაცხადა რომის „ფიუმიჩინოს“ აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის უფროსმა, ანტონელა მაროტამ.
რომის „ფიუმიჩინოსა“ და „ჩამპინოს“ აეროპორტებში სულ 210 მოწყობილობა დაამონტაჟეს. აეროპორტის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ელექტრონულ აპარატებს გაყალბებული დოკუმენტების ამოცნობა უკეთ შეუძლია და ასევე, შენგენის ზონაში ყოფნის ვადის გადაცილებას უკეთ აიდენტიფიცირებს. თუმცა ახალ აპარატებში ინფორმაციის მითითების შემდეგ, მგზავრებს შესაძლოა სასაზღვრო კონტროლის მესაზღვრეებთან გავლა მაინც დასჭირდეთ.
„კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, მგზავრებს შეეძლებათ მისვლა საკონტროლო ან ელექტროჯიხურებში, სადაც დახვდებათ პოლიციელი, რომელთანაც გაივლიან შესაბამის სასაზღვრო შემოწმებას ეროვნული, შენგენისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზების მიხედვით. მგზავრი კვლავ მიაწვდის პოლიციელს ბიომეტრიულ მონაცემებს, როგორც პირველი მისვლისას. ელექტრონულ კარიბჭეებზე ეს პროცესი ავტომატური იქნება“, – განაცხადა რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის უფროსმა, ანტონელა მაროტამ.
ბიომეტრიული კონტროლის სისტემა იმოქმედებს შენგენის ზონის 29 ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ 25 ქვეყანაში, ასევე, შვეიცარიაში ნორვეგიაში, ლიხტენშტაინსა და ისლანდიაში. . ელექტრონული შესვლა-გასვლის სისტემის დანერგვის პროცესი სრულად 2026 წლის 10 აპრილამდე დასრულდება.
