კატეგორიები

„ახალი ახლო აღმოსავლეთი” – მშვიდობის შანსი რეგიონისთვის

„ახალი ახლო აღმოსავლეთი” – მშვიდობის შანსი რეგიონისთვის

ხანგრძლივი სისხლისღვრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ყველა მშვიდობაზე ალაპარაკდა – სიფრთხილით, თუმცა დიდი იმედებით. 738-დღიანი ტყვეობის შემდეგ ისრაელში დაბრუნებული ბოლო 20 მძევალი ბევრმა აღიქვა, როგორც „ჰამასის” დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისი როგორც ისრაელისთვის, ისე რეგიონისთვის.

გარესამყაროს მოწყვეტილმა მძევლებმა, რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2 წლის წინ, 7 ოქტომბერს გაიტაცეს, დღეს საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ გაერთიანდა ქვეყანა მათ მოლოდინში. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ისინი უბრუნდებიან სახლებს, სადაც მათ გახარებული ოჯახის წევრები 2 წელია, ელოდებიან.

ყველას ასე არ გამართლებია, ისრაელელი ტყვეების ნაწილი მძევლობაში გარდაიცვალა.  აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სამშვიდობო გეგმა მათი ცხედრების დაბრუნებასაც ითვალისწინებს და „ჰამასის” მხრიდან ამაზე თანხმობაა. სანაცვლოდ კი ისრაელმა 2000-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. მათი მცირე ნაწილი 7 ოქტომბრის ტერაქტში მონაწილეობდა, უფრო დიდი ნაწილი კი ამ სისხლიანი თარიღის შემდეგ დააკავეს. დახვედრა აქაც ემოციური იყო. პალესტინელები საკუთარ მამებს, ქმრებსა და შვილებს იბრუნებენ და იმედოვნებენ, რომ უარესი წარსულს ჩააბარეს.

ისრაელ-„ჰამასის” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ გათავისუფლებულ პალესტინელ პატიმრებს სიხარულით ხვდებიან, ქალაქი რამალა, დასავლეთი სანაპირო, 13 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Mahmoud Illean

ახლო აღმოსავლეთში ამ სიხარულის მთავარი შემოქმედი აშშ-ის პრეზიდენტია. დონალდ ტრამპს მოკრძალება არც ამჯერად გამოუჩენია, როდესაც საკუთარი დიპლომატიური წარმატების აღსანიშნად პირდაპირ ისრაელში ჩაფრინდა. იქ მას განსაკუთრებულად დახვდნენ, როგორც მოსახლეობა, ისე ქვეყნის ხელისუფლება. ისრაელელებს კარგად ესმით, რომ აშშ-ს ბევრს უნდა უმადლოდნენ. ასეც იყო, სამადლობელი სიტყვები მრავლად ისმოდა, ისევე როგორც აპლოდისმენტები – ისრაელის ქნესეთში მისულ ტრამპს სიტყვას ძირითადად ტაშით აწყვეტინებდნენ, თუ არ ჩავთვლით იმ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან ლოზუნგის გამო გააძევეს. ის პალესტინის აღიარებას ითხოვდა. მშვიდობისმყოფელის როლი აშშ-ის პრეზიდენტმა სიამოვნებით მოირგო და საკითხს ხანგრძლივი სიტყვაც მიუძღვნა.

„ეს ახალი ახლო აღმოსავლეთია. მადლობა მინდა, ვუთხრა უდიდეს პატრიოტს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ის არაა მარტივი კაცი, ამიტომაც არის დიდი ადამიანი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ეს უდიდესი ტრიუმფია ისრაელისა და მთელი მსოფლიოსთვის. ეს იყო მშვიდობისთვის პარტნიორობის მაგალითი. თაობები ამიერიდან დაიმახსოვრებენ მომხდარს, როგორც მომენტს, როდესაც ყველაფრის შეცვლა დაიწყო უკეთესობისკენ. ეს იქნება ისრაელის ოქროს ხანა და ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა.

გმადლობ ამ შეუფასებელი დახმარებისთვის – რაც მოხდა შეუძლებელი იყო, ბევრი ამბობდა, რომ დროს ფუჭად ვხარჯავდით, მაგრამ ჩვენ ნიჭიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდით, რაც მთავარია მათთან ერთად, ვისაც ახლო აღმოსავლეთი ძალიან უყვარდა, ასეთია სტივენ უიტკოფიც. მას მანამდე ეს საქმე არ უკეთებია, ის მე ავარჩიე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ  კარგი ბიზნესმენია, ასეთს ბევრს ვიცნობ, ის  ძალიან კარგი  მომლაპარაკებელია და ასევე ის უბრალოდ ყველას ძალიან უყვარს. ასეთია ჯარეტ კუშნერიც, ის ძალიან ბერ რამეში დაგვეხმარა… კაცი სახელად მარკო რუბიო, რომელიც აქაა. ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი სახელმწიფო მდივანი იქნება და მე ამის მჯერა. ტყვეები დაბრუნდნენ!!! – რა სასიამოვნო ყოფილა ამის თქმა“, – აღნიშნა ამერიკელმა პრეზიდენტმა ქნესეთში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრება ქნესეთში, ისრაელი, 13 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright Chip Somodevilla/Pool via AP

ბევრის თქმა საჭირო არც იყო, ვიდრე დონალდ ტრამპი ტრიბუნას დაიკავებდა, ქნესეთში არაერთხელ და არაერთმა გაუსვა ხაზი იმას, რომ მშვიდობის მიღწევასა და ომების დასრულებაში დონალდ ტრამპს მსგავსი არავინ ჰყავს. მეტიც, მასპინძლების თქმით, არც აშშ-ს ჰყოლია პრეზიდენტად ოდესმე ისრაელის იმაზე დიდი მეგობარი, ვიდრე დონალდ ტრამპია. მადლობას უხდიდნენ როგორც მას, ისე მის გუნდს – სტივენ უიტკოფს, ჯარეტ კუშნერს, პიტ ჰეგსეთსა თუ მარკო რუბიოს.

„მას შემდეგ, რაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადეთ და საელჩო აქ გამოიტანეთ – ეს აქ თქვენი პირველი ვიზიტია და მადლობას გიხდით ამისათვის. არსებობს ბევრი სხვა მიზეზი მადლობისათვის –  გმადლობ ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებისთვის გოლანის მთებზე, გმადლობ გაეროში ისრაელის წინააღმდეგ ტყუილის მხილებაში, გმადლობ თქვენს სამშვიდობო გეგმაში ჩვენი მიწის ებრაელი ხალხის მიწად აღიარებისთვის, გმადლობ ჩვენი სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერისთვის – ეს მხოლოდ ნაწილია, მაგრამ საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც თეთრ სახლში ოდესმე მჯდარა. ამაზე მეტი არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის, ახლოსაც კი არ მისულა ვინმე.

ჩვენ გვახსოვს 7 ოქტომბერი, გვახსოვს ახალგაზრდა ისრაელელები მუსიკის ფესტივალიდან რომ გაიტაცეს – ამ მონსტრებმა ბავშვები ტყვედ აიყვანეს და ამის მიუხედავად ისრაელმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა – ჩვენ დავიცავით ჩვენი ხალხი და დავამარცხეთ მტრები. ამ გამარჯვების ფასი კი იყო უმძიმესი”, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ბატონო ტრამპ, თქვენ კოლოსალური წვლილი გაქვთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც მუდამ ახსოვხართ.  ბრძოლა რაშიც ვიმყოფებით, საერთო ბრძოლაა. ვიტყოდი, რომ მსოფლიოს სჭირდება მეტი ტრამპი. თქვენ მშვიდობის პრეზიდენტი ხართ, არ არსებობს პლანეტაზე ადამიანი, რომელმაც  მშვიდობისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე თქვენ. თქვენი ხასიათის სიმტკიცით მშვიდობა მოიტანეთ  8 რეგიონში, 9 თვეზე ნაკლებ დროში კი ყველაზე გარდამტეხ პრეზიდენტად იქეცით მსოფლიოს ისტორიაში.

ვინც იხსნის 1 ადამიანს, ის  იხსნის მთელ  სამყაროს – თქვენ კი პრეზიდენტო, იხსენით ერები. თქვენ დაადასტურეთ, რომ შვიდობა სიძლიერით მიიღწევა. თქვენ ისე როგორც არავინ, იმსახურებთ უდიდეს აღიარებას თქვენი ძალისხმევისთვის. მე, მაიკ ჯონსონსა და მთელი მსოფლიოს პარლამენტის სპიკერებთან ერთად ნობელის კომიტეტს  თქვენი კანდიდატურით მივმართავთ”, – აღნიშნა ქნესეთის სპიკერმა.

შემდეგი გაჩერება კი უკვე ეგვიპტეა, ადგილი, სადაც „ჰამასმა” და ისრაელმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა, ცეცხლის შეწყვეტა შეათანხმეს და ხელიც მოაწერს. შარმ ელ-შეიხში ეგვიპტის ლიდერი 20-მდე ქვეყნის ლიდერს სტუმრობს სწორედ ამ გეგმაზე სასაუბროდ. ცეცხლი შეწყდა, თუმცა გადასაწყვეტია, თუ როგორ განლაგდებიან საერთაშორისო ძალები ღაზის ანკლავში, რათა მშვიდობის ინერცია დაიცვან. ვინ და რა ფორმით ჩაერთვება ღაზის რეაბილიტაციაში. როგორ მოხდება „ჰამასის” განიარაღება. როგორ შევა ადგილზე ჰუმანიტარული დახმარება. როდის დატოვებენ ისრაელელი სამხედროები ანკლავს სამუდამოდ და როგორ იქცევა ღაზა ეკონომიკურ ან საკურორტო ზონად. ეს ყველაფერი კი დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელზეც კომპლექსურადაა სამუშაო. რაც მთავარია უნდა გადაწყდეს, თუ როგორ იქნება გამორიცხული პალესტინის სახელმწიფოს მართვიდან „ჰამასის” წარმომადგენლობა. ამ მხრივ საგულისხმო იყო, რომ  ისტორიულ სამიტზე პალესტინის პრეზიდენტიც მიიწვიეს. მაჰმუდ აბასი შეხვდა არა მხოლოდ არაბული სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პალესტინის აღიარების მომხრენი არიან, არამედ იმ დასავლელ ლიდერებსაც, რომლებმაც პალესტინის აღიარებისთვის გაეროს ტრიბუნებზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგეს.

„პირველ რიგში, მსურს გავიზიარო იმ ოჯახების სიხარული, რომლებიც დღეს თავიანთ შვილებთან კვლავ გაერთიანდებიან. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მძევლების გათავისუფლების დღეა. მძევლები უკვე დაბრუნდნენ და იმედია, უკან დაბრუნდება იმ 28 დაღუპული მძევლის ცხედარიც, რომლებსაც ოჯახები დიდი ხანია, ელიან. ძლიერი გზავნილია, რომ სამიტს პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დაესწრება, ეს ინსტიტუტის ლეგიტიმურობის ერთგვარი აღიარებაა. ეს ჩემთვის აჩვენებს სურვილს, რომ ღაზის მართვაში პალესტინის მთავრობა ჩაებას. ეს ასევე ხაზს უსვამს, რომ ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ პალესტინელებისთვის კანონზომიერი ადგილის მინიჭებით. რაც შეეხება ადგილზე ძალების განთავსებას, მჯერა, რომ ამ მხრივ რეგიონული აქტორების ჩარევის მომხრეთა ირგვლივ კონსენსუსი მზარდია, მაგალითად, როგორიცაა ინდონეზია ან სხვა ქვეყნები. მათ საკუთარი სურვილი უკვე გამოთქვეს”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ხვდება სამშვიდობო სამიტის ფარგლებში, რომელიც შარმ-ელ-შეიხში იმართება, ეგვიპტე, 13 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Evan Vucci

ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტზე ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად უძღვება. შარმ ელ-შეიხში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები იწყებენ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს რეგიონის მომავალი ახლა, როდესაც ცეცხლი შეწყდა, ტყვეები გათავისუფლდნენ და შეიქმნა ვითარება, რომელმაც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის სისხლიანი წარსული კეთილდღეობით სავსე მომავლად აქციოს. თუმცა აქამდე შორი გზაა გასავლელი, მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესი ყველაზე რთული სამუშაოა.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები