9 ოქტომბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქში კორობკოვსკის ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ეს ქარხანა კომპანია „ლუკოილს” ეკუთვნის. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
ძალოვანი უწყების ცნობით, კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი სამხრეთ რუსეთში ბუნებრივი აირისა და მასთან დაკავშირებული ნავთობის გაზის პირველადი გადამუშავების ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 450 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განადგურდა ასევე ეფიმოვკას სადისპეტჩერო სადგური, რომელიც რეგიონში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების რამდენიმე მთავარ ხაზს ემსახურება და წელიწადში 50 მილიონი ტონა გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ორივე ობიექტზე იერიშების შედეგად აფეთქება და ხანძარი იყო.