მთავარიაზიაღაზაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზაში სამედიცინო აღჭურვილობა და საკვები ჩაიტანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზაში სამედიცინო აღჭურვილობა და საკვები ჩაიტანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზაში სამედიცინო აღჭურვილობა და საკვები ჩაიტანა. ჯანმოს მიერ გავცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეხმარებიან დროებით საველე საავადმყოფოებში ორგანიზაციის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების პერსონალი პაციენტებს. ისინი ანაწილებენ და უგზავნიან დახმარებას როგორც დეირ ალ-ბალაჰის, ისე ჩრდილოეთ ღაზის ქალაქში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოებს.

„ჯანმომ დღეს სამედიცინო მარაგი მიიტანა, ძირითადად ტრავმის სამკურნალო საშუალებები, ინტრავენური სითხეები, ფიზიოლოგიური ხსნარი, ანტიბიოტიკები და ყველაფერი, რაც ლაბორატორიაში  სჭირდებათ.  აქ ასევე არის  საკვები პაციენტებისა და პერსონალისთვის“, – ამბობს პალესტინის ტერიტორიებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რიჩარდ პიპერკორნი.

ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ გარკვეული დახმარება გაუწია საავადმყოფოებსა და პაციენტებს.

ამ დროისთვის ალ-აქსას საავადმყოფოში ხუთი კარავია გაშლილი, რომლებშიც დაახლოებით 80 პაციენტია განთავსებული. რიჩარდ პიპერკორნმა აღნიშნა, რომ ღაზაში სამედიცინო მარაგის დეფიციტია, საავადმყოფო კი ვერ უმკლავდება ამდენი პაციენტის მიღებას.

„ალ-აქსას საავადმყოფო ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იქ ადრე მაქსიმუმ 200 საწოლი იყო. ახლა კი 700-ზე მეტი პაციენტია. საჭირო იყო გაფართოება. თქვენ ხედავთ რამდენიმე კარავს. ჯანმომ 80 პაციენტისთვის ხუთი კარავი უზრუნველყო“, – დასძენს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რიჩარდ პიპერკორნი.

ჯანდაცვის დაწესებულებებზე ისრაელის თავდასხმებისა და სამედიცინო მარაგის შეტანის შეზღუდვის გამო, ექიმებს უჭირთ, დაშავებულებს თუნდაც მცირედი სამედიცინო დახმარება აუწიონ.

„ალ-აჰლის არაბული საავადმყოფო ამჟამად ერთადერთი მოქმედი საავადმყოფოა ღაზის ჩრდილოეთში. ჩვენ ყოველდღიურად 400-500-ზე მეტ პაციენტს ვიღებდით პატარა ამბულატორიულ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. ამ პაციენტებიდან ზოგიერთი ომის დროს დაშავდა ან მძიმედ დაიჭრა.

ჩვენ არ შეგვიძლია მათზე ზრუნვა. მათ პირდაპირ იატაკზე მკურნალობენ.  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მხოლოდ სამი საწოლია. შესაბამისი სპეციალისტებიც არ გვყავს ასეთი ტიპის დაზიანებების სამკურნალოდ“, – აცხადებს ალ-აჰლის საავადმყოფოს დირექტორი, მაჰერ აიადი.

ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოებზე „ჰამასი“ სამეთაურო ცენტრების გასანადგურებლად მიაქვს იერიში, თუმცა ამის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend