ევროკომისია იძიებს ბრიუსელში მოქმედ სავარაუდო უნგრული ჯაშუშური ქსელის საქმიანობას.
ევროკომისიამ გამოძიება დაიწყო 9 ოქტომბერს – მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ უნგრული სპეცსამსახურები ცდილობდნენ ბრიუსელში, ევროკავშირის თანამშრომლების გადაბირებასა და ინფორმაციის მოპოვებას.
მათივე ცნობით, აგენტები სავარაუდოდ მოქმედებდნენ როგორც დიპლომატები, რაც მათ სხვადასხვა პრივილეგიას ანიჭებდა.
წყაროების თანახმად, ერთ-ერთი უნგრელი საიდუმლო აგენტი ასევე მუშაობდა ევროკომისიაში, სადაც წვდომა ჰქონდა უსაფრთხოების ფაილებსა და გასაიდუმლოებულ მონაცემებთან.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ამ მოვლენების დიდი ნაწილი 2012-დან 2018 წლების შუალედში მოხდა, როდესაც ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები დაიძაბა უნგრეთში კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების საკითხების გამო.
2015-დან 2019 წლამდე მუდმივმოქმედ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა ოლივერ ვარჰეი. ამჟამად ის ევროკომისარია ჯანდაცვის საკითხებში.
Deutsche Welle-ს თანახმად, წყაროები ადასტურებენ, რომ ოლივერ ვარჰეის ჰქონდა ინფორმაცია აგენტების საქმიანობის თაობაზე.
ევროკომისიაში ამბობენ, რომ სერიოზულად მიიჩნევენ ბრალდებებს და შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვას თანამშრომლები დაზვერვითი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისგან.
Euronews-ის კითხვების საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა ოლივერ ვარჰეი, ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ არ არსებობდა.
ევროპარლამენტის პრესსამსახურს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრესსამსახურში განმარტეს, რომ პარლამენტი მუდმივად იკვლევს უსაფრთხოებასა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
Euronews ასევე დაუკავშირდა ბრიუსელში უნგრეთის მუდმივმოქმედ წარმომადგენლობასაც, თუმცა ბუდაპეშტი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ბრალდებებს.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ იშტვან სენტ-ივანიმ ამ საკითხს „სკანდალური“ უწოდა. მისი განცხადებით, უნგრეთი ევროკომისიასა და ევროპარლამენტს „მტრებად“ მიიჩნევს.