პარიზის მოდის კვირეული წელს განსაკუთრებით შთამბეჭდავია თეატრალური სცენებით, ნაზი ფერებითა და ეკომეგობრული იდეებით.
„შანელის“ მოდის სახლმა გალაქტიკური სანახაობა მოაწყო. „ქლოე“ ქალურობასა და კლასიკურ სტილს დაუბრუნდა, ჰელენ მირენმა კი სტელა მაკ-კარტნის ღონისძიება „ბიტლზის“ ლეგენდარული სიმღერით Come Together გახსნა.
„შანელის“ დიზაინერმა, მეთიუ ბლაზიმ, პარიზის მოდის კვირეული საოცარ სანახაობად აქცია.
სხვადასხვა პლანეტისა და სატურნის ფორმის რგოლებით გაფორმებული სცენა გალაქტიკას მოგაგონებდათ.
„შანელის“ კრეატიულმა დიზაინერმა წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთთან დააკავშირა.
ახალი კოლექცია უფრო თავისუფალი ფორმებით, მაგრამ კლასიკური ელეგანტურობით გამოირჩეოდა. „შანელის“ ქალი, როგორც ყოველთვის, დახვეწილი და ძალიან თამამია.
„ქლოეს“ კრეატიულმა დიზაინერმა, შემენა კამალიმ, ნაზი და რომანტიკული კოლექცია წარადგინა.
ყვავილებიანი მსუბუქი ქსოვილები და თავისუფალი სილუეტები ქალის ბუნებრივ ენერგიას გამოხატავდა.
„მოდა უნდა იყოს მარტივი და ინტუიციური, როგორც თავად ცხოვრება“, – ასეთია „ქლოეს“ დევიზი.
სტელა მაკ-კარტნის კოლექცია გაიხსნა „ბიტლზის“ სიმღერით, რომელიც ჰელენ მირენმა ბუნებასა და გარემოს დაცვას მიუძღვნა.
მაკარტნიმ წარმოადგინა თავისი ყველაზე ეკომეგობრული კოლექცია.
ღონისძიებაზე გამოყენებული იყო ინოვაციური ქსოვილები, მათ შორის ისეთი ქსოვილი, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს შთანთქავს.
კოლექცია გამოხატავდა 80-იანი წლების ენერგიას, მკვეთრ ფერებს და ატარებდა მნიშვნელოვან გზავნილს: როგორ შეიძლება მოდამ დაიცვას პლანეტა და დარჩეს ელეგანტური.
პარიზის მოდის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოდა მხოლოდ სამოსი არ არის. ეს არის ისტორია, რომელიც გვიამბობს თავისუფლებაზე, ბუნებასა და სილამაზეზე.