ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამის დასტურია არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონებმა და გამანადგურებლებმა სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
„დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – ეს ჰიბრიდული ომია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ერთი ინციდენტი შეიძლება შეცდომა იყოს, ორი — დამთხვევა, მაგრამ სამი, ხუთი, ათი — ეს აღარ არის შემთხვევითი: ეს ევროპის წინააღმდეგ მიზანმიმართული „ნაცრისფერი ზონის“ კამპანიაა. ევროპამ უნდა უპასუხოს: ყველა ინციდენტი უნდა გამოვიძიოთ, პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან არ უნდა შევიკავოთ თავი, რადგან ჩვენი ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი დაცული და უსაფრთხო უნდა იყოს”, – განმარტა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან ყურადღება გაამახვილა ერთიან და მტკიცე პასუხზე, რომელიც ევროპამ რუსეთს უნდა გასცეს და დასძინა, რომ „ევროპა სასწრაფოდ უნდა აღიჭურვოს სტრატეგიული შესაძლებლობებით, მზად იყოს ომის ცვალებადი ბუნებისთვის”.
ევროკომისია ამზადებს გეგმას, რომელიც ევროპას 2030 წლისთვის უკეთ მოამზადებს მსგავსი საფრთხეებისთვის. ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთს შესაძლოა 3-5 წელიწადში სხვა ევროპულ ქვეყანაზე თავდასხმის უნარი ჰქონდეს. გეგმა ითვალისწინებს ე.წ. „დრონების კედლის“ შექმნას – მაღალტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც დრონების აღმოჩენას, თვალთვალსა და განადგურებას შეძლებს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპისთვის მიუღებელია უახლესი თაობის გამანადგურებლების გამოყენება იაფფასიანი დრონების წინააღმდეგ, როგორც ეს ცოტა ხნის წინ პოლონეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.
ორი კვირის შემდეგ ევროკომისია 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს წარუდგენს გზამკვლევს, რომელიც ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ევროკომისია ასევე ითხოვს, რომ ევროკავშირის ფულით დაფინანსებული თავდაცვითი პროექტების მინიმუმ 65% ევროპაში ხორციელდებოდეს, რათა ინვესტიციებმა ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასაც შეუწყოს ხელი.