კატეგორიები

„ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა” — ბაბიშის დაბრუნებამ პრაღაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

„ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა” — ბაბიშის დაბრუნებამ პრაღაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩეხეთში განწყობა არაერთგვაროვანია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ანდრეი ბაბიშის პარტიის გამარჯვებამ ქვეყანაში ცვლილებების მოლოდინი გააჩინა, თუმცა ზოგიერთისთვის მომავალი ახლა უფრო ნეგატიურად გამოიყურება, ვიდრე პოზიტიურად, ზოგისთვის პირიქით.

„უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. კარგსაც ვხედავ მომხდარში, მაგალითად იმას, რომ კომუნისტები დეპუტატებს შორის ვერ მოხვდნენ”, – ამბობს ჩეხეთის მოქალაქე.

„უკრაინელი ლტოლვილები დაგვტოვებენ, მთავრობა კი ჩვენს შვილებს მიხედავს, რადგან ფიალა ყველაფერს მხოლოდ უკრაინელებისა და მათი ოჯახებისთვის აკეთებდა”, – თვლის ჩეხეთის კიდევ ერთი მოქალაქე.

„იმედია, ის პოპულისტად დარჩება და არ შეასრულებს საკუთარ დაპირებებს. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ასეც უნდა იყოს, მჯერა რომ დანაპირები არასოდეს შესრულდება”, – ფიქრობს ამომრჩეველთა ნაწილი.

წინასაარჩევნოდ ბაბიშის მიერ გაკეთებული განცხადებები ბევრისთვის გახდა თავისტკივილი, ყველაზე მეტად კი ევროკავშირისთვის. მართალია, ის  ხელისუფლებაში უკვე ნანახი ჰყავთ, თუმცა მაშინ ევროპა გარდამტეხი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში არ ცხოვრობდა, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში კი წამოჭრა ბევრი საკითხი, რომლებზეც ბაბიშისა და მისი გუნდის პოზიციები ბევრს ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს ხედვებს აგონებს. ასეთია, მაგალითად, უკრაინის სამხედრო დახმარების გადახედვის საკითხი. თავად პარტია „ანოს” ლიდერი აზუსტებს, რომ ის ნატოსა და ევროკავშირის მომხრეა, თუმცა მთავრობაში ყოფნის დროს მისი ლოზუნგი იქნება „ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა”.

საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმეტესობის დათვლის შემდეგ „ანოს” ლიდერი ანდრეი ბაბიში მედიასთან საუბრისას, პრაღა, ჩეხეთი, Copyright AP

„ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნების შედეგებსა და ჩვენს ხედვებზე ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით. საზღვრებს მიღმა ჩვენ შესახებ უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება  და არ მგონია, ეს სამართლიანი იყოს, მე პრემიერ-მინისტრი ერთხელ უკვე ვიყავი და ჩვენი ორიენტაცია ნათელი იყო. ჩემი წუხილი მხოლოდ იმას ეხება, რომ ევროპა უნდა იყოს ფუნქციონირებადი, რადგან ის არ ვითარდება სწორი მიმართულებით ეკონომიკურად”, – აღნიშნა პარტია „ანოს” ლიდერმა, ანდრეი ბაბიშმა.

ყოფილი პრემიერის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 34.7% მიიღო. ეს კი 200-კაციან პარლამენტში 80 მანდატია, ახლა პარტია „ანო” მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტიებთან „მოტორისტები” და „თავისუფლება და დემოკრატია”, რომლებსაც ჯამში 28 ადგილი აქვთ პარლამენტში. მმართველმა პარტიამ კი მხოლოდ ხმათა 23.2% აღება შეძლო. ქვეყნის პრემიერ პეტრ ფიალას მარცხის აღიარება მოუხდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს დასასრული არ არის.

„პრეზიდენტთან განვიხილე არჩევნების შემდგომი ვითარება. ლოგიკურია და ჩვენი რესპუბლიკის  დემოკრატიულ ტრადიციებსაც ეხმაურება ის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მთავრობა ჩამოაყალიბოს, სწორედ ამას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში”, – ამბობს პეტრ ფიალა, ჩეხეთის პრემიერი.

ჩეხეთს პრეზიდენტი პეტერ პაველი უკვე შეხვდა გამარჯვებული და დამარცხებული პარტიის ლიდერებს, არჩევნების შემდეგი პროცედურების განსახილველად. ნატოს ყოფილი გენერალი, პაველი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც პარლამენტში მოხვდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შექმნიან საფრთხეს თავად ჩეხეთისთვის. ვიდრე ჩეხეთში კოალიციის ფორმირება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ბაბიში მილოცვებს იღებს. ერთ-ერთი პირველი იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც ჩეხეთთან განახლებული პარტნიორობის იმედი გამოთქვა.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები