უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
თავდასხმის დროს გამოიყენეს დრონები და ბალისტიკური რაკეტები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინდელი თავდასხმის დროს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 35 რაკეტა გაისროლა და 381 დრონი გამოიყენა.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება კრემლის მხრიდან ზამთრის სეზონის დაწყებამდე, მოსახლეობის ტერორის მცდელობაა.
„რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს ჩვენი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას – ზუსტად ცივი სეზონის დაწყებამდე. რუსები ეძებენ გზებს, რათა მეტი ზიანი მიაყენონ ჩვენს მოსახლეობას. მხოლოდ გაზის ობიექტებზე ამ ერთი თავდასხმის დროს 35 რაკეტა გაისროლეს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. ეს იყო კომბინირებული თავდასხმა და ჩვენ მხოლოდ რაკეტების ნახევრის ჩამოგდება მოვახერხეთ. ჩერნიჰივის რეგიონში, დრონების დარტყმების შემდეგ, რთული ვითარებაა – სლავუტიჩში, ნიჟინში, ასევე თავად ჩერნიჰივსა და სუმის რეგიონში. საღამოს დონეცკში ბალისტიკური რაკეტა დაარტყეს ენერგეტიკულ ობიექტს. კრამატორსკში, სლავიანსკში, დრუჟოვკაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ირწმუნება, რომ მოსკოვში საწვავის კრიზისი აქვთ და ინფრასტრუქტურის განადგურების გამო რესურსებით მდიდარ ქვეყანას ბუნებრივი აირისა და საწვავის იმპორტი უწევს.
„რუსეთმა ომი აირჩია, რუსეთი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ანადგურებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. ჩვენი შესაძლებლობები გაიზრდება. რუსეთს საწვავის იმპორტი სხვადასხვა ადგილიდან უწევს: აზიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ხოლო ევროპაში ბელარუსიდან. ეს პუტინის ომის ერთ-ერთი შედეგია – ქვეყანა, რომელიც ბენზინგასამართი სადგურია, საწვავს ვერ ყიდის და მისი იმპორტი უწევს. ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ჩვენი შეიარაღებული ძალების, დაზვერვისა და უკრაინელი იარაღის მწარმოებლების მიღწევაა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან კრემლი უკრაინის ტერიტორიაზე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას განსაკუთრებით ზამთრის სეზონის დაწყებამდე იღებს სამიზნეში.
კიევში ფიქრობენ, რომ მოსახლეობისთვის გათბობის შესაძლებლობის წართმევა ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანის მიზნით ხდება.