4 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ისრაელს მოუწოდა შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა, რადგან „ჰამასმა“ მშვიდობისა და ტრამპის გეგმის პუნქტების ნაწილობრივ შესრულებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჰამასის“ განცხადების თანახმად, ის მზადაა შეასრულოს გეგმის ის ნაწილი, რაც კონფლიქტის დასრულებასა და 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმის დროს აყვანილი და დღემდე ტყვეობაში დარჩენილი ყველა მძევლის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.
დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქვეყანას, რომელიც დამეხმარა საკითხის გადაჭრაში: კატარს, თურქეთს, საუდის არაბეთს, იორდანიასა და კიდევ ბევრ სხვას, ბევრ სხვა ადამიანს. ეს დიდი დღეა და ვნახოთ რა მოხდება. საბოლოო სიტყვა კიდევ სათქმელია და ვიმედოვნებ, რომ მძევლები მალე დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, მშობლებთან. მათ სურთა საკუთარი შვილების ნახვა, სურთ, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ. ამრიგად, მინდა გაცნობოთ, რომ ეს განსაკუთრებული დღეა, შესაძლოა უპრეცედენტოც. მადლობა ყველა ქვეყანას დახმარებისთვის, ამ საქმეში ყველა გაერთიანებული ვიყავით. ყველას გვსურდა ომის დასრულება და მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში და ამ მშვიდობასთან ძალიან ახლოს ვართ. ყველას სამართლიანად მოვექცევით“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ისრაელს პასუხი ჯერ არ დაუბრუნებია, თუმცა მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოითხოვა „ჰამასის“ განიარაღება და ღაზის სექტორის მმართველობიდან მისი ჩამოშორება.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ასევე, კატარი და ეგვიპტე მიესალმნენ „ჰამასის“ გადაწყვეტილებას და ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტის იმედი გამოტქვეს.


