უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი დესტრუქციული ნაბიჯების გადაგმას აგრძელებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტზე დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი დონალდ ტრამპს ატყუებდა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს ორ თვეში დაიპყრობდა.
„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ რუსეთი აძლიერებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს. ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება. ეს დღეს მთავარი განხილვის თემაა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ევროპელებს გადაწყვეტილი აქვთ უპასუხონ და სათანადო პასუხი გასცენ დრონების საფრთხეს. რუსული დრონები ძალიან შორს წავიდნენ. რუსეთიდან მომავალი სახიფათო ინციდენტებიც ძალიან მომრავლდა. საჰაერო სივრცის დარღვევები დანიაში, სხვა სკანდინავიური ქვეყნებში, პოლონეთში, ჩვენი მეზობელ ქვეყნებში, რუმინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში – ეს ყველაფერი აჩვენებს ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დრონების განეიტრალების შესაძლებლობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროპული პოლიტიკური გაერთანების სამიტზე, ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით კი რუსეთის ენერგეტიკული სექტორის მიმართ.
ევროპელი ლიდერების განცხადებით, უკრაინა ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წინა ხაზზეა, შესაბამისად, მისი თავდაცვის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.