კატეგორიები

ჯეინ გუდოლი

ჯეინ გუდოლი
ბრიტანელი ბუნებისდამცველი და პრიმატოლოგი, ჯეინ გუდოლი, რომელიც  ცნობილია შიმპანზეების შესახებ ინოვაციური საველე კვლევებით, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პირველ ოქტომბერს ჯეინ გუდოლის ინსტიტუტმა Instagram-ზე გაავრცელა.

ადამიანი, რომელიც წელიწადში 300 დღეს მოგზაურობდა, მსოფლიომ პირველად 1960-იან წლებში გაიცნო, როდესაც მის ინოვაციურ ნაშრომებს დოკუმენტური ფილმიც მიუძღვნეს  ჟურნალებშიც დაიბეჭდა.  ჯეინ გუდოლმა მსოფლიოს შეუცვალა წარმოდგენა არა მხოლოდ ადამიანების უახლოეს ბიოლოგიურ ნათესავებზე, შიმპანზეებზე, არამედ ყველა სხვა ცხოველზე.

ჯეინ გუდოლი დაიბადა 1934 წლის 3 აპრილს ლონდონში და ცხოველებით მისი გატაცება მაშინ დაიწყო, როცა ხოხვა ისწავლა. თავის წიგნში, რომელსაც „ადამიანის ჩრდილში“ ეწოდება, ის იხსენებს როგორ იმალებოდა საქათმეში მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა, როგორ დებდა ქათამი კვერცხს. ერთხელ  მშობლებმა პოლიციასაც კი შეატყობინეს მისი გაუჩინარების ამბავი.

10 წლის იყო ჯეინი, როცა მიხვდა, რომ განსაკუთრებით  შიმპანზეები აინტერესებდა. მას აფრიკაში ცხოველებთან ერთად სურდა ცხოვრება, ამიტომ ამ გეგმის განხორციელებაზე მუშაობა დაიწყო.

ჯეინ გუდოლი 23 წლის იყო,  როდესაც კენიიდან მოწვევა მიიღო. იქ მან ნაირობის ბუნების ისტორიის მუზეუმში ცნობილ პალეონტოლოგ ლუი ლიკის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ მიეცა მას პირველად შიმპანზეებზე დაკვირვების შესაძლებლობა.

ჯეინ გუდოლს უმაღლესი განათლება არ მიუღია,  თუმცა ახალგაზრდა პრიმატოლოგმა ოცნების ახდენა  მაინც შეძლო. თავდაპირველად ჯეინ გუდოლმა შიმპანზეების ნდობა მოიპოვა, შემდეგ კი მათ სახელებიც დაარქვა, მან გადაუხვია იქამდე დამკვიდრებულ სტანდარტს და რიცხვების ნაცვლად შიმპანზეებს ადამიანების სახელები შეურჩია, რის გამოც ზოგიერთი მეცნიერის წინააღმდეგობასაც წააწყდა.

ჯეინ გუდოლის კვლევებმა კაცობრიობისთვის მანამდე უცნობი ფაქტები გამოავლინა. ითვლებოდა, რომ ხელსაწყოებს მხოლოდ ადამიანები ამზადებდნენ და იყენებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ შიმპანზე, სახელად დევიდ გრეიბრიდი ტერმიტების დასაჭერად ტოტებისგან დამზადებულ ხელსაწყოს იყენებდა.

მისივე კვლევები ცხადყოფს, რომ შიმპანზეებს  შეუძლიათ ისეთი ადამიანური ემოციების განცდა ან გამოხატვა, როგორებიცაა სიამოვნება, სიხარული, სევდა, შიში და სხვა. მოგვიანებით მან აღწერა შიმპანზე, რომელმაც 3 წლის ობოლი „იშვილა“. ამით მან, ფაქტობრივად, დაამტკიცა, რომ ადამიანებსა და ცხოველთა სამყაროს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობდა.

1963 წელს National Geographic-ის ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, სწორედ ასე გაეცნო მილიონობით ადამიანი მის კვლევებს.  მოგვიანებით ახალგაზრდა მეცნიერი კემბრიჯის უნივერსიტეტში ეთოლოგიის ფაკულტეტზეც ჩაირიცხა.

მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფლორისა და ფაუნის შესახებ ცოდნის ამაღლების საკითხში. ჯეინ გუდოლი ახალგაზრდებს მსოფლიოს მასშტაბით ხვდებოდა და მათ გარემოს დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრებოდა. ეს შეხვედრები დროებით 2020 წელს, კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა.

ჯეინ გუდოლს მიღებული აქვს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოები დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იაპონიასა და ტანზანიაში. 2025 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები