რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ევროპას ადანშაულებს უკრაინი ტერიტორიაზე ომის გაგრძელებაში – ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა 2 ოქტომბერს სოჭში, „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბში გააკეთა. მისი თქმით, ევროპა „მუდმივად ეძებს კონფლიქტებს“.
რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსეთი ახლა NATO-სთან ომშია, თუმცა მისივე თქმით, მოსკოვში ამის არ ეშინიათ, რადგან რუსეთის არმია „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“.
„ჩვენ ბევრი ქვეყანა გვებრძვის. NATO-ს ყველა ქვეყანა ჩვენთან ომშია ჩართული. ისინი ამას აღარც მალავენ. სამწუხაროდ, უკრაინაშიც არიან ინსტრუქტორები დასავლური ქვეყნებიდან და ისინი რეალურად მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციებში. ევროპაში შეიქმნა სპეციალური ცენტრი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საქმიანობას – აწვდის ინფორმაციას, გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს კოსმოსიდან, ამარაგებს იარაღით და წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს. ვიმეორებ, ინსტრუქტორები მონაწილეობენ არა მხოლოდ წვრთნებში, არამედ საბრძოლო გადაწყვეტილებების მიღებასა და ზოგჯერ განხორციელებაშიც“, – აცხადებს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართითაც. პუტინმა შეაქო ტრამპის ძალისხმევა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა დასძინა, რომ „ტომაჰავკების“ მიწოდებით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ესკალაციის ახალ ეტაპზე გადავა.
„რაც შეეხება „ტომაჰავკებს“ – ეს მძლავრი იარაღია. მართალია, ისინი მთლად თანამედროვე არაა, მაგრამ ძლიერია და საფრთხეს ქმნის. რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე ეს ძალთა ბალანსს არ შეცვლის, საერთოდ არა. შეუძლიათ თუ არა „ტომაჰავკებს“ ჩვენთვის ზიანის მოყენება? მათ შეუძლიათ. თუმცა ჩვენ ჩამოვაგდებთ მათ და გავაუმჯობესებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. დააზიანებს თუ არა ეს ჩვენს ურთიერთობებს აშშ-თან, რომელთანაც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა? რა თქმა უნდა, დააზიანებს. სხვაგვარად ვერც იქნება. „ტომაჰავკების“ გამოყენება ამერიკელი ჯარისკაცების პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ესკალაციის სრულიად ახალ, თვისებრივად ახალ ეტაპს ნიშნავს, მათ შორის რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
ვლადიმერ პუტინმა ასევე უარყო რუსული დრონების შეჭრა დანიის საჰაერო სივრცეში და განაცხადა, რომ მათ ამ მანძილზე მოქმედი დრონები არც კი ჰყავთ.
„-ბატონო ვლადიმერ, რატომ გზავნით ამდენ დრონს დანიაში?
– ამას აღარ გავაკეთებ.
-არ გააკეთოთ!
-ამას აღარ გავაკეთებ – არც საფრანგეთში, არც დანიაში, არც კოპენჰაგენსა თუ ლისაბონში… თუმცა სერიოზულად თუ გაინტერესებთ, არც კი გვაქვს დრონები, რომლებიც ლისაბონამდე მიაღწევს. რამდენიმე გვაქვს, რომლებიც შორ მანძილზე მოქმედებენ, მაგრამ სამიზნე არ გვყავს, რაც ყველაზე მთავარია. ეს ესკალაციის ერთ-ერთი გზაა ვაშინგტონის უფროსების ბრძანებების შესასრულებლად და თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ქაღალდის ვეფხვად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ უკრაინას ამ ომში გამარჯვების შანსი აქვს.
