ევროკომისია ნოემბრის შუა რიცხვებში აპირებს, წარადგინოს პაკეტი სამხედრო მობილურობის შესახებ, რომლის მიზანიც ბლოკის მასშტაბით გადაადგილების გამარტივებაა.
საფრანგეთის ოფიციალური პირები ევროკავშირს მოუწოდებენ, სწრაფად განსაზღვროს გადაადგილების კორიდორები და შექმნას კოორდინაციის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯარებისა და აღჭურვილობის აღმოსავლეთისკენ სწრაფად გადაყვანა შესაძლებელი გახდეს, თუ კონტინენტზე კონფლიქტის მასშტაბები გაიზრდება.
გენერალი ფაბრის ფეოლა, რომელიც საფრანგეთის სამხედრო ოპერაციებისა და სატრანსპორტო მხარდაჭერის ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ამ დროისთვის საფრანგეთს ზოგჯერ ათ დღეზე მეტი სჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგან აუცილებელი ნებართვები მიიღოს სამხედროებისა და აღჭურვილობის გადაადგილებისთვის.
მისი თქმით, საზღვრის გადაკვეთის ნებართვების გაცემის დაჩქარება და საბაჟო დოკუმენტაციის ციფრულ ფორმატში გადატანა „შესაძლებელი და მიღწევადია“, თუმცა ევროკავშირმა აუცილებლად უნდა განსაზღვროს გადაადგილების კორიდორები, რომელთა სარკინიგზო ხაზები, გზები, გვირაბები და ხიდები სამხედრო აღჭურვილობის გატარებას შეძლებენ.