მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა ოპოზიციური ტელეარხის, „დოჟდის“ ჟურნალისტს, ეკატერინა კოტრიკაძეს.
რუსეთის ხელისუფლება მას ბრალს სდებს „თავდაცვის სამინისტროსა და ჯარისკაცების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში“, ასევე „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.
მასთან ერთად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს მის კოლეგას, ვალერია რატნიკოვას.
სასამართლო მათ დაუყოვნებლივ დაკავებას მოითხოვს.
ამავე ბრალდებით, 18 ივლისს რუსეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორის, ტიხონ დიადკოს წინააღმდეგაც.
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები „უცხოეთის აგენტებად“ არიან გამოცხადებული. მათ ქვეყანა დატოვეს 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
მედიის შემზღუდავი კანონების გამო, ჯერ რიგაში, შემდეგ კი ამსტერდამში ოფისის გადატანა მოუწია ტელეკომპანია „დოჟდსაც“, რომელიც აქტიურად უპირისპირდება ვლადიმერ პუტინის მმართველობას და გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.