პირველ ოქტომბერს აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ და სამთავრობო სერვისებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა. მიზეზი კი ისაა, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ უარი თქვა საბიუჯეტო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.
750 000-ამდე დასაქმებული არაანაზღაურებად შვებულებაში გავიდა, თუმცა როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, იგეგმება შემცირება, შესაბამისად, ზოგიერთმა თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური სამუდამოდ დაკარგოს.
უკანასკნელად ფედერალური მთავრობის მუშაობა 2018 წლის ბოლოს 35 დღით შეწყდა. ეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მოხდა. თუმცა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მუშაობა დიდი ხნით არ შეჩერდება. მან მიმდინარე პროცესებში ბრალი დემოკრატებს დასდო.
„ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რას იზამენ დემოკრატები, მაგრამ სინამდვილეში არ მგონია, რომ მთავრობამ დიდხანს შეაჩეროს მუშაობა. ეს ჩემი ვარაუდია, რადგან უკვე ჩანს ფაქტები იმისა, რომ დემოკრატები, რომლებიც აქამდე ზომიერებას ინარჩუნებდნენ, იწყებენ ხმამაღლა საუბარს. მათ ესმით ალოგიკურობა იმის, რაც ხდება. მივმართავ იმ ამერიკელი ხალხს, რომელიც თქვენ გიყურებთ: თქვენი მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერების მიზეზი ისაა, რომ, მართალია, კონგრესის რესპუბლიკელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და რამდენიმე ზომიერმა დემოკრატმაც კი, მხარი დაუჭირა მთავრობის გახსნას, დემოკრატიული პარტიის ჩაკ შუმერის ფრთამ ამას ძირი გამოუთხარა, რადგან გვითხრეს, რომ მთავრობის მიერ მუშაობის აღდგენას იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს, თუ მილიარდობით დოლარს გამოვყოფდით არალეგალურად ჩამოსული მიგრანტების ჯანდაცვისთვის. ეს სასაცილო წინადადებაა“, – აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
განცხადებები გააკეთეს „დემოკრატიულ პარტიაშიც“. მათ მზადყოფნა გამოთქვეს მოლაპარაკებებისთვის, თუმცა აღნიშნეს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მათ პრიორიტეტად და კანონპროექტს მხარს მხოლოდ დაზღვევების სუბსიდირების პუნქტისა და დაფინანსების გაზრდის პირობით დაუჭერენ.
„ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ საუბარი სურს. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერ მაღალი რანგის წევრთან. ისინი უბრალოდ მზად უნდა იყვნენ კეთილსინდისიერად იმოქმედონ. რაც ნიშნავს თანამშრომელთა შემცირების, ასევე ხარჯების შემცირების პოლიტიკის გაუქმებასა და ამერიკელი ხალხისთვის ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას. გვსურს, შეთანხმებას მივაღწიოთ, რათა უზრუნველვყოთ მთავრობის დაფინანსება ისე, რომ ამერიკელების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. თუმცა, ასევე უნდა გვქონდეს კანონპროექტი, რომელსაც წარმომადგენელ პალატასა და სენატში ორპარტიული მხარდაჭერა ექნება და მას პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს ხელს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ადმინისტრაციას სამომავლოდ კანონის გაუქმება და დაფინანსების შეწყვეტა არ შეეძლოს“, – აცხადებს წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი.
ფედერალურ მთავრობას მუშაობა ჯერ არ აღუდგენია და უცნობია, როდის შედგება მოლაპარაკება. არცერთი მხარე არ აპირებს კომპრომისზე წასვლას. სამთავრობო სერვისების შეჩერების გამო მოქალაქეებსა და ტურისტებს საჯარო დაწესებულებებთან წვდომაზე პრობლემა აქვთ.
დროებით გაუქმებულია სამთავრობო დეპარტამენტის ვებგვერდებიც. ზოგიერთ მათგანზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მუშაობა „რადიკალი მემარცხენე დემოკრატების გამოა შეჩერებული“.