მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდა კრემლის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დეფაქტო „საგარეო საქმეთა მინისტრებს“.
მისი მტკიცებით, მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისა და ცხინვალის „უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების“ მხარდაჭერას. სერგეი ლავროვის პოზიციით, 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში „მოხდა გარდამტეხი ცვლილებები“, რითაც, თითქოს საფუძველი დაედო ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დამყარებული კავშირები რუსეთს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის.
მანვე ოკუპირებულ ტერიტორიებს „დემოკრატიული“ და „სუვერენული“ სახელმწიფოები უწოდა. ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრების“ მოსკოვში ვიზიტს წინ უძღოდა აფხაზეთის ე.წ. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ წლისთავი, რომელსაც სოხუმში 30 სექტემბერს ზეიმობენ:
„დღეს სამხრეთ ოსეთი წარმატებით ვითარდება როგორც დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო. ის აშენებს თანამედროვე ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, ხოლო სტაბილურობაზე მიუთითებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა… იზრდება შიდასავაჭრო ბრუნვა, ასევე ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რუსეთის დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაზე 2026-2030 წლებისთვის. რა თქმა უნდა, ეს სამომავლოდ უფრო მეტი პოტენციალის მომტანი იქნება. სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის ძალიან ახლო მეგობარი და მოკავშირე.
ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას მის უსაფრთხოებაზე, ასევე სტაბილურ და მდგრად განვითარებაზე. ჩვენთვის გარდამტეხი მნიშვნელობის არის სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სიმართლის მიტანა 2008 წლისა და თანმდევი მოვლენების შესახებ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
